logo_geo
eng_logo
რატომ ვეღარ შეიცვლით გვარს ან სახელს - ევროპაში დარჩენის მსურველებისთვის თბილისი რეგულაციებს ამკაცრებს
- +

12 თებერვალი. 2018. 18:44


 

„რატომ ვეღარ შეიცვლით გვარს ან სახელს და ვინ გადაიხდის ჯარიმას - ევროპაში დარჩენის მსურველებისთვის თბილისი რეგულაციებს ამკაცრებს", - ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი" სტატიას აქვეყნებს, სადაც იმ პრობლემებზეა საუბარი, რაც საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედებას მოჰყვა.

 

„წლების წინათ თბილისის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირისგან საინტერესო შეკითხვა მიიღო. მათ აინტერესებდათ, რამდენი შოთა რუსთაველი და ილია ჭავჭავაძე ცხოვრობდა საქართველოში. ოდნავ უტრირებულად ვამბობ, თუმცა, ფაქტი მართლაც ასეთი იყო. ევროპა დაინტერესდა, თავშესაფრის მაძიებელთა შორის რატომ სჭარბობდა ეს ორი სახელი და გვარი.

 

როგორც აღმოჩნდა, ისინი თავს განგებ ასაღებდნენ ასეთ პირებად, რათა ამა თუ იმ ქვეყანას მათი იდენტიფიცირება გასჭირვებოდა, მათ კი დრო მოეგოთ იმისთვის, რომ რაიმე სხვა ხერხებით გერმანიასა თუ სხვა ქვეყანაში დარჩენა მოეხერხებინათ. 

 

ახლა „მოდა" შეიცვალა. როგორც ჩანს, თავშესაფრის მაძიებელმა ახალ მეთოდს მიაგნეს - ისინი სახელსა და გვარს იცვლიან. შედეგად, ერთმა და იმავე პირმა ევროკავშირში თავშესაფარი შესაძლოა, სხვადასხვა სახელითა და გვარით მოითხოვოს.

 

ამიტომაც, თბილისში სახელისა და გვარის შეცვლის რეგულაციების გამკაცრებაზე ალაპარაკდნენ.

 

თბილისში დახურული თათბირი გაიმართა, ბრიუსელში - დახურული სხდომა. მართალია, ევროკავშირის არცერთ ქვეყანას ჯერ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება არ მოუთხოვია, მაგრამ საქართველო, ალბანეთთან ერთად, ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში მოქმედი სავიზო ჯგუფის მსჯელობის საკითხი გახდა.

 

„საქართველოზე მსჯელობის მიზეზია ერთ წელიწადში (2016-2017 წ.წ.) საქართველოდან ევროკავშირის ზოგ ქვეყანაში თავშესაფრის მაძიებელთა, დაახლოებით, 50%-ით გაზრდა. 2017 წლის 28 მარტს საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის უფლება მხოლოდ მას შემდეგ მიენიჭათ, რაც ძალაში შევიდა მიგრაციის ტალღების გასაკონტროლებლად შემუშავებული სპეციალური მექანიზმი. „შეჩერების მექანიზმი" ამოქმედდება, მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუკი უვიზო მიმოსვლის უფლების მქონე რომელიმე ქვეყნიდან ევროკავშირის რომელიმე მიმღებ ქვეყანას მიგრანტთა დიდი ნაკადი მიაწყდება", - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი ბრიუსელიდან იუწყება.

 

ევროკომისიის დასკვნა, რომელიც გასული წლის დეკემბერში გამოქვეყნდა, რამდენიმე მიმართულებით გამოთქვამს შეშფოთებას: საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა; ორგანიზებულ დანაშაულში საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობა - ქურდობა და ყაჩაღობა განსაკუთრებით ხშირია საფრანგეთში, საბერძნეთში, გერმანიაში, იტალიასა და ესპანეთში", - წერს „პრაიმტაიმი".


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვახტანგ მახარობლიშვილის განცხადებით, მთავრობა ბოლო დროს გამოკვეთილ პრობლემებზე რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს:


„ჩვენ უკვე ჩავატარეთ საინფორმაციო კამპანიის ორი ტალღა და უახლოეს დღეებში მესამე ტალღაც იგეგმება, რომელიც კონკრეტულად თავშესაფრის მაძიებელთა სტატუსს, იმ პრობლემებსა და გამოწვევებს შეეხება, რომელიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გამოიკვეთა.

 

ამავდროულად, მთავრობის საგანგებო სხდომაზე განვიხილეთ აღნიშნული საკითხი და გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება, თუმცა, ამ ეტაპზე გამიჭირდება კონკრეტული ინფორმაციის გაჟღერება. ცვლილებები იქნება მიმართული პასპორტის გაცემაზე გარკვეული რეგულაციების გამკაცრებასთან დაკავშირებით, ეს შეეხება სახელისა და გვარის შეცვლას და, ასევე, რეადმისირებული მოქალაქეებისთვის ჯარიმების დაწესებას.

 

რეადმისიის კუთხით აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ საქართველო წარმატებით თანამშრომლობს პარტნიორ ქვეყნებთან და 95 პროცენტზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს რეადმისირებული მოქალაქეების. რაც შეეხება დანაშაულთან ბრძოლას, ამ კუთხითაც კიდევ უფრო აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან", - განაცხადა მახარობლიშვილმა.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner