„ახალი მემარჯვენეების" ლიდერი მამუკა კაციტაძე სამინისტროების ოპტიმიზაციის მომხრეა და აცხადებს, რომ დღეს არსებული უწყებებიდან მინიმუმ 8 სამინისტროს რესტრუქტურიზება უნდა განხორციელდეს. ამის შესახებ კაციტაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და აქვე აღნიშნა, რომ სამინისტროების ოპტიმიზაცია სახელმწიფოსთვის მრავალმხრივ მომგებიანი იქნება.
„გაიხსნა თემა მთავრობაში მინისტრთა კაბინეტში სტურუქტურული ცვლილებების საჭიროებაზე. ეს ცვლილებები თითქოს განპირობებულია საბიუჯეტო თანხების ეკონომიის კუთხით. რა თქმა უნდა, ამას მნიშვნელობა აქვს, რადგან რამდენიმე ასეული მილიონი დაიზოგება ოპტიმიზაციის შემთხვევაში. მაგრამ, პირადად ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ უფრო მობილური გახდება ეს სტრუქტურები. დღეს მთავრობაში არსებული 20 სამინისტროდან მინიმუმ 8 სამინისტრო შეიძლება იყოს რესტრუქტურიზებული, გაერთიანებული. ამიტომ, ამ ყველაფერს ჩვენ მივესალმებით.
ვურჩევდი მმართველ კოალიციას, რომ ზედმეტად ნუ აჩქარდება და მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მრავალმხრივ მომგებიანი იქნება. ამ თემას ვუკავშირებ იმ საკითხს, რომ რამდენიმე დღეში მინისტრთა კაბინეტში იქმნება გარკვეული სტრუქტურა, რომელმაც უნდა მოახდინოს სამინისტროებში განხორციელებული პროექტების კოორცინაცია და ა.შ. ეს ხომ სხვა არაფერია, რომ პრემიერის მხრიდან გაჩნდა კითხვის ნიშნები სამინისტროებში მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით. ეს უკვე არის მთავრობის შიდა პრობლემების გარეთ გამოტანა. ამ ყველაფერში შეიძლება ჩანდეს იმ რეორგანიზაციის პერსპექტივა, რომელზეც ვსაუბრობთ", - განაცხადა კაციტაძემ.