„პარტიათა მრავალფეროვნება და რიცხოვნობა, სამწუხაროდ, დადებით გავლენას ვერ მოახდენს დემოკრატიის განვითარებზე, რადგან არ დაგვავიწყდეს, რაოდენობა ყოველთვის არ ნიშნავს ხარისხს", - ამის შესახებ ზურაბ ქადაგიძემ საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით საუბრისას „რეპორტიორს" განუცხადა.
„ახალგაზრდული ცენტრის" ხელმძღვანელის თქმით, აღნიშნული ინიციატივის დამტკიცების და ძალაში შესვლის შემდეგ, ქვეყანას მოევლინება რამდენიმე ახალი და კარგად დავიწყებული პოლიტიკური პარტია, რომელთა მთავარი მიზანი 2%-იანი ბარიერის გადალახვა და იმ თანხის მიღება იქნება, რომელსაც მათ სახელწიფო სთავაზობს.
„მოსახლეობის გადასახადებიდან კი მოხდება ამ პარტიების დაფინანსება, რაც რა თქმა უნდა, არასწორი ნაბიჯი და თანხის არაეფექტური ხარჯვა იქნება, რადგან რეალურად ხალხი არაფერში გადაუხდის თანხას გარკვეულ პარტიებს. ხოლო ამ ინიციატივის ძალაში შესვლის შემდეგ, პარტია, რომელიც გადალახავს აღნიშნულ ბარიერს, მიიღებს სტატუსს „კვალიფიციური სუბიექტი", რეალურად კი კვლავ ისეთივე არაკვალიფიციური დარჩება, როგორიც არჩევნებამდე იყო.
თუ ჩვენ ავიღებთ საქართველოს მთლიან ამომრჩეველთა რაოდენობას, მას გამოვაკლებთ ამომრჩეველთა იმ რაოდენობას, რომელიც, როგორც წესი, მიდის არჩევნებზე, მივიღებთ რეალობას, რომ 2% გადალახვა მცირე ამომრჩევლის არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია. სწორედ ამიტომ არ შეიძლება კვალიფიციური სუბიექტი ეწოდოს ასეთ პარტიას. ჩემი პირადი პოზიციაა, შენარჩუნებული უნდა იყოს დღეს არსებული 5% ბარიერი, ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ არსებული ბარიერის გაზრდაზე და არა შემცირებაზე. ბარიერის 2%-მდე დაწევას პროგრესულ და წინგადადგმულ ნაბიჯად ვერ შევაფასებთ!" - აცხადებს ქადაგიძე.