logo_geo
eng_logo
„სიკვდილის ორი მძევალი“ – გურამ შარაძის მკვლელობის ილუზია!
- +

12 თებერვალი. 2018. 23:59



2007 წლის 20 მაისი, - საზარელი მკვლელობა მელიქიშვილის გამზირზე - 3-ჯერ ნასროლი ტყვიით აკადემიკოსი გურამ შარაძე დაუნდობლად გამოასალმეს სიცოცხლეს. გურამ შარაძის მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა გიორგი ბარათელი დააკავეს, რომელმაც ბრალი სასამართლოზე აღიარა, თუმცა საკითხავია, არის თუ არა რეალურად დამნაშავე ეს ადამიანი. აკადემიკოსის ოჯახის წევრები მკვლელობის პოლიტიკურ მოტივზე დღემდე საუბრობენ. სიმართლის დასადგენად გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე  წლების განმავლობაში თავგამოდებით იბრძვის და ახლაც სჯერა, რომ „სამართალი პურს ნამდვილად შეჭამს". უამრავი ვერსია, ვრცელდებოდა თუ რა შეიძლება ყოფილიყო მკვლელობის მოტივი, არსებობს საეჭვო გარემოებები, რომელიც გიორგი ბარათელის ბრალეულობას არ ამტკიცებს. საქმეში მნიშვნელოვანი დეტალებია, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია, თუმცა „მარშალპრესმა" გადაწყვიტა,  კიდევ ერთხელ გადაეხედა საქმისთვის და რამდენიმე საყურდღებო ფაქტისთვის ხაზი გაესვა, იმ ადამიანის დახმარებით, რომელიც საქმეს გულდასმით იცნობს. ნინო მიქიაშვილი ის ერთადერთი ჟურნალისტია, რომელიც აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ბარათელს თავის დროზე  საპყრობილეში შეხვდა. გთავაზობთ 2007 წლიდან 2018 წლის ჩათვლით საიდუმლოებით მოცული საქმის მნიშვნელოვან დეტალებს, დასკვნები მკითხველისთვის მიგვინდია.


ნინო მიქიაშვილი: ეს ის პერიოდია, როდესაც სააკაშვილმა შეიწყალა გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულები... ერთ-ერთ ღონისძიებაზე, სახალხო დამცველის ოფისის ეზოში შეკრებილი ვიყავით ცხონებული იური ვაზაგაშვილი, ჯამბულ გამცემლიძე, სოსო რობაქიძე, რუსუდან შარაძე, ზაზა ხატიაშვილი და მე. საუბრისას რუსუდანი ამბობდა, რომ მასთან მიდიოდა ინფორმაციები, რომ ბარათელი გააპარეს, მოკლეს, სხვადასხვა ვერსიები იყო, თუმცა სიმართლე არავინ იცოდა. იქვე გაჩნდა იდეა, რომ გამომეთხოვა საჯარო ინფორმაცია. მეორე დღეს  2009 წლის 10 სექტემბერს ბარათელის  ადგილსამყოფელის შესახებ განცხადებით მივმართე შაშკინის უწყებას, მაგრამ უარი მივიღე, არგუმენტად ინფორმაციის არასაჯაროობა დამისახელეს. ვიცოდი როგორ გამევლო პროცედურები საჯარო ინფორმაციის მისაღებად, ეს გრანტიჭამია არასამთავრობო ორგანიზაციების სემინარებზე ვისწავლე, ვიცოდი როგორ დამეწყო სამართლებრივი ბრძოლა, როგორც ჟურნალისტს. იმ პერიოდში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ჰქონდა მედიის სამართლებრივი დახმარების ცენტრი, იქ მივედი. გადაწყვიტეს ჩემთან ერთად ჩართულიყვნენ ამ ბრძოლაში. ამ ადვოკატებს, ჩემგან რადიკალურად განსხვავებული მსოფლმხედველობა აქვთ, მაგრამ ამ საკითხში ერთ აზრზე ვიყავით შეჯერებული - სიმართლის მხარეს. პირველი ინსტანცია წავაგეთ, მეორემ ძალაში დატოვა პირველის გადაწყვეტილება, საკასაციო საჩივარი წარმოებაში არ მიიღო უზენაესმა სასამართლომ და საქმე გავუშვით სტრასბურგის სასამართლოში. საჩივარი 2011 წლის 25 მარტს გავაგზავნეთ - კონვენციის მე-10-ე მუხლის დარღვევის დადასტურება მოვითხოვეთ, ეს მუხლი შეეხება ინფორმაციის მიღების და გავრცელების უფლებას. აი, ახლა ის ეტაპია, რომ არსებითად იხილება და ძალიან მალე გადაწყვეტილება გახდება ცნობილი.


ამ პერიოდში ოჯახის წევრებიც მოვძებნე, მამა, ბიძა... - ჩხუბი დამიწყეს, როდესაც მათ დავურეკე, ძალიან მეუხეშნენ. ინფორმაციას რომ მიმალავდნენ, საფუძვლიანი ეჭვი მქონდა, რომ რაღაც ისე ვერ იყო საქმე, თუმცა მესმის მათი, მტერს არ ვუსურვებ მათ ადგილზე ყოფნას...


აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მიქიაშვილის განცხადებით, გიორგი ბარათელის ოჯახის წევრები, სასამართლო პროცესს არცერთხელ არ დასწრებიან.


ნინო მიქიაშვილი: ირმა ინაშვილის მიერ გავრცელებული ციხის კადრების შემდეგ, ამ საკითხთან დაკავშირებით, რაღაც ღონისძიება იყო „ობიექტივი"-ს ოფისში. იქ იყო მოსული დიმიტრი ლორთქიფანიძე და მითხრა, ახლა მივდივარ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც ბარათელი ზის, შენც წამოდი, შეგიყვანო. გავოგნდი, წარმოუდგენლად მიმაჩნდა, რომ შესაძლებელი იყო ჩემი იქ შესვლა, არ მქონდა იმედი შესვლის, თუმცა წავყევი. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც ციხეებში პატრულია შესული. შევედით დირექტორის კაბინეტში, რამდენიმე წუთში შემოიყვანეს ბარათელი, გალეული, უემოციო პატარა ბიჭი შემოვიდა... გავეცანი, ვუთხარი, რომ რუსუდანის მეგობარი ვიყავი, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვეძებდი. რამდენად ესმოდა ჩემი საუბარი არ ვიცი, თვითონაც გაოგნებული იყო, ჯერ კიდევ არ სჯეროდა, რომ ხელისუფლება შეიცვალა, მღელვარება ეტყობოდა. მაშინ ბარათელმა შეხვედრისას განაცხადა, რომ საქმის დაშლა სურდა და ნორმალური ადვოკატი სჭირდებოდა. მე ვურჩიე მამუკა ნოზაძე, ვიცოდი მისი დამოკიდებულება გურამ შარაძის მკვლელობისადმი და მის გარეშე თამამად ვუთხარი. (ეს შეხვედრა იყო 18 ოქტომბერს, 22-ში მასთან ციხეში შევიდა ადვოკატი). როდესაც ვკითხეთ თუ რატომ სურდა ადვოკატის აყვანა, გვიპასუხა: - „იმიტომ, რომ მე არ მომიკლავს გურამ შარაძე". ამაზე დიმიტრი ლორთქიფანიძემ გაოცებულმა მიუგო, აბა,  მაშინ რატომ მითხარი რომ მე მოვკალი გურამ შარაძე და რაღაც ვერსია განავითარეო... ბარათელმა კი შეახსენა, - „გაიხსენეთ ვისთან ერთად იყავი შემოსული"... ამით ყველაფერი თქვა...


2010 წლის მარტში ნინო მიქიაშვილმა ოფიციალური წერილი გაუგზავნა სახალხო დამცველს და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს დიმიტრი  ლორთქიფანიძეს (რომელსაც მაშინ გია არსენიშვილი ხელმძღვანელობდა) და სთხოვა, გიორგი ბარათელი ციხეში მოენახულებინათ.

 

დიმიტრი ლორთქიფანიძემ და ეკა ხერხეულიძემ, 2010 წლის 30  მარტს გიორგი ბარათელი ორთაჭალის „კრიტში" მოინახულეს.  საინტერესოა ის, რომ როგორც მიქიაშვილი აცხადებს, ხერხეულიძე დიმიტრი ლორთქიფანიძეს  ბარათელთან თავისი სურვილით გაჰყვა.


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: გიორგი ბარათელს პატიმრობის პერიოდში ასმევდნენ გაურკვეველი წარმოშობის მედიკამენტს, თუმცა რა პრეპარატი იყო ამის დადგენა ვერ მოხერხდა. ამის შესახებ გიორგი ბარათელმა ნინო მიქიაშვილს თავად განუცხადა.


ნინო მიქიშვილი: მითხრა, რომ რაღაც წამალს ასმევდნენ, მან მოითხოვა ექიმთან კონსულტაცია, აინტერესებდა რამდენად სჭირდებოდა მას ეს წამალი, ეს წერილობითაც დააფიქსირა და ფსიქიატრთან კონსულტაცია მოითხოვა.


ე.წ. შტირის საქმე; - ოლეგ მელნიკოვის მითითებები და გოგა ხაინდრავა როლი საქმეში - სკანდალური აღიარება:


 2012 წლის 22 ოქტომბერს გიორგი ბარათელთან შევიდა მამუკა ნოზაძე. ბრალდებულმა დაწერა განცხადება, გთავაზობთ ამონარიდს:


„2007 წლის 20 მაისიდან ვიმყოფები უკანონო პატიმრობაში, იმ დანაშაულისთვის რაც არ ჩამიდენია, კერძოდ, ბატონ გურამ შარაძის მკვლელობისთვის. მე გახლავართ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლი, რომელსაც უკანონოდ შეთითხნილი ბრალდების საფუძველზე მისჯილი აქვს ხანგრძლივი პატიმრობა. ჩემი დაკავებისას ადგილი ჰქონდა პოლიციის მხრიდან უკანონობას და მუქარებს, რის შედეგაც იძულებული გავხდი, საკუთარი სიცოცხლე რომ გადამერჩინა, მეღიარებინა არ ჩადენილი დანაშაული. გთხოვთ, დამკითხოთ ჩემს მიმართ განხორციელებულ უკანონობაზე, ჩემი ინტერესების დამცველ ადვოკატთან ბატონ მამუკა ნოზაძესთან ერთად, რათა ნათელი მოეფინოს იმ გარემოებას, რომ ბატონი გურამ შარაძე მე არ მომიკლავს და მისი მკვლელობის საქმე დღემდე არ არის გახსნილი და საზოგადოება შეცდომაშია შეყვანილი ".


ნინო მიქიაშვილი: ეს განცხადება 23 ოქტომბერს მთავარ პროკურატურას ჩავაბარე. 26 ოქტომბერს მამუკა ნოზაძემ იუსტიციის მინისტრის და მთავარი პროკურორის სახელზე განცხადება შეიტანა, ძიების ხელახალ დაწყებასა და ბარათელის ხელმეორედ დაკითხვას მოითხოვდა. 15 ნოემბერს კიდევ ერთხელ მიმართა, კვლავ არანაირი რეაგირება არ მომხდარა. 21-ში მე შევიტანე ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რომ არის ასეთი ადამიანი - კაკო გაფრინდაშვილი, რომელიც 2007 წლის 20 მაისს, ანუ მაშინ როდესაც მელიქიშვილის გამზირზე გურამ შარაძე საჯაროდ დახვრიტეს, ძველი თბილისი პოლიციის განყოფილებიდან რუსთავის პოლიციის უფროსად გადაიყვანეს, ითვლებოდა „ახალაიას კადრად". ბარათელმა თქვა, რომ მასზე ფიზიკურ ზეწოლას შარაძის მკვლელობამდე  ეს ადამიანიც ახდენდა.


2012 წლის 29 ნოემბერს, ორთაჭალის #1 საპყრობილეში მისულ ადვოკატ მამუკა ნოზაძეს ციხის დირექტორმა განუცხადა, რომ  ბარათელმა „კბილის ჯაგრისზე დამაგრებული ლურსმანი შეურჭო" ერთ-ერთ პატიმარს, ამიტომ იგი გლდანის #8 საპყრობილეში გადაიყვანეს, ხოლო სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა საქმე აღძრაო. მამუკა ნოზაძემ გაარკვია, რომ საქმე ორი მუხლით იყო აღძრული და ბარათელს 6 წლის დამატება ემუქრებოდა;


30 ნოემბერს გიორგი ბარათელთან დიმიტრი ლორთქიფანიძე იყო შესული. ბარათელმა თქვა, რომ მასზე ზეწოლას ახდენდნენ. იმავე დღეს ბარათელთან იყო შესული მამუკა ნოზაძეც. ბარათელმა ლურსმნის ქონის და პატიმრის დაზიანების ფაქტი კატეგორიულად უარყო. ამავე დღეს ბარათელმა წერილობით მიმართა საზოგადოებას, უფლებადამცველს, ჟურნალისტებს - მათ სიმართლის დადგენაში დახმარება სთხოვა. ამავე წერილში მან რუსუდან შარაძესთან შეხვედრაც მოითხოვა. იგი ღია წერილში წერდა რომ მან ამოიცნო - კაკო გაფრინდაშვილიც, რომელიც მასზე ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ძველი თბილისის პოლიციაში და აიძულებდა ეღიარებინა გურამ შარაძის მკვლელობა. ამასთან, ერთ-ერთი პატიმარი სახელად ხვიჩა, (ასე გაეცნო ბარათელს), მას აიძულებდა ეთქვა, თითქოს გურამ შარაძის მკვლელობა გოგა ხაინდრავამ შეუკვეთა, 500 000 ამერიკული დოლარის სანაცვლოდ. ბარათელი თავის ხელით დაწერილ დოკუმენტში, რომელიც მამუკა ნოზაძემ გამოიტანა ციხიდან,  საუბრობს მეორე ვერსიაზეც, თითქოს რუსეთის მიერ გამოგზავნილმა ქილერმა მოკლა შარაძე და მერე გოგა ხაინდრავასთვის უნდა დაებრალებინათ და ეს უნდა მიებათ რუსეთისთვის.


აღნიშნულ საქმეში ფიგურირებს ოლეგ მელნიკოვიც. როგორც ზემოთ ხსენებული პიროვნება აცხადებდა, მისი „დამუშავების" პროცესში მელნიკოვი მუდმივად იქ იყო და ტელეფონზე საუბრისას - „თოფუ, თოფუ" - ასე მიმართავდა ვიღაცას, ეს იყო სავარაუდოდ სოსო თოფურიძე, (კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი). ჯერ ერთი მელნიკოვს ციხეში რა ესაქმებოდა და თან ტელეფონით... როგორც ეს პიროვნება ჰყვება, მელნიკოვმა ამ ადამიანს აღუწერა დეტალურად გოგა ხაინდრავას სახლი. მე ნამყოფი ვარ ბატონი გოგას სახლში და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ზედმიწევნით სწორადაა აღწერილი მისი სახლი. ეს ყველაფერი შემდეგ ბარათელს დამაჯერებლად უნდა მოეყოლა.


-რაში აწყობდათ გოგა ხაინდრავას გარევა ამ საქმეში?


-არ ვიცი. რაღაცებს თითხნიდნენ. საზოგადოებრივად, პოლიტიკურად აქტიური ადამიანების განადგურების მიზნით, ყველაფერზე მიდიოდნენ.


-რის სანაცვლოდ უნდა მიეცა ჩვენება გიორგი ბარათელს გოგა ხაინდრავას წინააღმდეგ?


-თუ სწორად მახსოვს, ვადაზე ადრე გათავისუფლებას ჰპირდებოდნენ და შემდეგ ქვეყნიდან გაყვანას, და რაღაც პრივილეგიებს.

 

2012 წლის 17 დეკემბერს, გლდანის #8 საპყრობილეში გიორგი ბართელს პროკურორი შოთა ცერცვაძე 4 საათის განმავლობაში კითხავდა. დაკითხვას მამუკა ნოზაძე ესწრებოდა და საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ, მან განაცხადა, რომ ბარათელმა ჩვენება თავის ხელით დაწერა და მასში დეტალურად  აღწერა მისი დაკავების და მასზე განხორიციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტები.


ნინო მიქიაშვილი: ეგრეთ წოდებული შტირის საქმეზე ბარათელს ბრალი  2013 წლის 17 იანვარს წაუყენეს და საქმე წარიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში. 31 მაისს, „იმედის" გადამღები კამერა იდგა დარბაზში, ბარათელიც იქ იჯდა, როდესაც წამოდგა და თქვა: „ჩამიყვანეს ე.წ. „ბალნიჩკაზე", სადაც პატიმარი მომიგზავნეს და ის პატიმარი მეუბნებოდა, გასვლა თუ გინდა ასეთი პოლიტიკოსია ხაინდრავა და იმაზე მეთქვა, ვითომ რომ იმან რომ ფული გადამიხადა და ჩემ თავზე ავიღე გურამ შარაძის მკვლელობა. ეს „შტირი" და ეს ყველაფერი არი ადმინისტრაციის გამოგონილი იმის გამო, რომ მკვლელობაზე საქმე არ დამეშალა და არ მეთქვა, რომ გურამ შარაძე მე არ მომიკლია. ყველაფერი არი, ერთი ისა რა... 6 წელი ვიჯექი და არაფერი იყო და ეხლა რაღაც საქმის დაშლა დავიწყე გურამ შარაძის მკვლელობაზე, რომ მეთქვა სიმართლე და მაშინ აღმომაჩნდა ლურსმანი",- კითხულობს მიქიაშვილი სტენოგრამას.


ნინო მიქიაშვილი - ამის შემდეგ ბარათელი პირველ ინსტანციაში, მეორეშიც ნაწილობრივ ამბობდა, რომ ეს მას არ ჩაუდენია, ამ მიმართულებით მიდიოდა გამოძიება, მამუკა იცავდა მის უფლებებს. ერთ მშვენიერ დღეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, 2013  წლის 2 ოქტომბერს წამოდგა და გამოაცხადა, რომ თანახმა იყო საპროცესო შეთანხმებაზე, „დავიღალე აღარ შემიძლია"-ო. ამ განცხადების შემდეგ, მამუკა ნოზაძემ უკვე უარი თქვა, ბარათელის დაცვაზე. ბარათელის ჩვენების შეცვლამდე, როდესაც პროცესებზე სულ მივდიოდო, მესალმებოდა თავაზიანად და იმ დღეს არც მომესალმა, აქეთ არც კი გამოიხედა, ძალიან უცნაურად იქცეოდა. ამის შემდეგ დაენიშნა სახაზინო ადვოკატი და დამატებით 2 წელი ჰქონდა მისჯილი და ამ აღიარების სანაცვლოდ 6 თვე ჩამოაკლეს.


შემდეგ უკვე, რუსუდანი შეხვდა მას საპყრობილეში, კახი კახიშვილის მინისტრობის პერიოდში. ჰქონდათ ძალიან ემოციური შეხვედრა...

 

2012 წლის 18 ოქტომბერი, - როდესაც ნინო მიქიაშვილი შეხვედა ბარათელს - რა დააბარა ბარათელმა რუსუდან შარაძესთან


ნინო მიქიაშვილი - რომ ვკითხე ბარათელს რუსიკოსთან ხომ არაფერს დამაბარებ - მეთქი, სულ სამი სიტყვა მითხრა: - „რუსუდანს გადაეცი, რომ შენ მართალი იყავი"... რუსიკოს დანაბარები გადავეცი. რა იგულისხმა? - ის რომ რუსუდანი მამის მკვლელობის დღიდან ამბობდა (და დღემდე ასეა), რომ ბარათელი მკვლელი არ არის.


რა მოხდა გურამ შარაძის მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე.


ნინო მიქიაშვილი: როდესაც გიორგი ბარათელს პირველად შევხდი, მან მაისური გადაიწია, მხარზე ნატყვიარი გვაჩვენა და გვითხრა, რომ დაკავების შემდეგ თბილისის ზღვაზე აიყვანეს, დღის პირველ ნახევარში, გაქცევის მცდელობისას დაჭრეს, მერე საავადმყოფოშიც ჰყავდათ.

 

ამონარიდი ბარათელის ადვოკატის, მამუკა ნოზაძის განცხადებიდან: - ბარათელი დაახლოებით 5-6 საათზე ტელევიზიის შენობასთან აიყვანეს და თბილისის შემდეგ ზღვის ტერიტორიაზე წაიყვანეს, სადაც პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ და აიძულებდნენ ჯერ არ მოკლული გურამ შარაძის მკვლელობა ეღიარებინა. ხელთათმანიანი ხელით ამოიღეს იარაღი დააჭერინეს და უბრძანეს, გაესროლა, მერე ამოიღეს ტყვიის გულა, რომელიც მოგვიანებით მელიქიშვილის პროსპექტზე დააგდეს. ბარათელმა გაქცევა სცადა და სწორედ ამ დროს დაჭრეს. შემდეგ რამდენიმე წუთით იქვე ერთ-ერთ ავტოფარეხში ჩაკეტეს, სადაც ესმოდა, პოლიციელები როგორ აძლევდნენ ერთმანეთს ინსტრუქციებს, სად უნდა წასულიყვნენ, რა უნდა ექნათ... შემდეგ ბარათელი მიიყვანეს ვერაზე, სადაც ეს უკანასკნელი თავისუფლად დადიოდა, ერთ-ერთ ოჯახში შევიდა, იქიდან ფეხით წამოვიდა, ჩაჯდა მიკროავტობუსში, საიდანაც ისევ პოლიციელებმა ჩამოიყვანეს და დააკავეს. ამის შემდეგ ბარათელი ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს, სადაც ისე სცემეს, რომ სასწრაფო დახმარების მანქანაც დასჭირდათ. ბარათელი ამბობს, სასწრაფო დახმარების ექიმებმა ნახეს, როგორი ნაცემი იყო.


ნინო მიქიაშვილი: მე მამუკასგან ვიცი, როდესაც ბარათელის დეტალური გამოკითხვა მოხდა, მან ახსენა დღეს უკვე „ნაციონალური მოძრაობის" ადვოკატი, ამ საქმის მაშინდელი პროკურორი გიორგი ჩივიაშვილი, რომელიც მასზე ზეწოლას ახდენდა.


დათა ახალაიას მუქარა


ნინო მიქიაშვილი: 2012 წლის 22 სექტემბერს ადოვოკატმა ედიშერ ქარჩავამ, გლდანის ციხიდან გამოსვლის შემდეგ ტელეკამერებთან განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ გიორგი ჩიხლაძეს დათა ახალაია ასე დაემუქრა: - „მე როგორც დავგეგმე და გავასაღე გურამ შარაძე, ისე გაგასაღებ შენცო". ერთი თვის შემდეგ, გლდანის #8 საპყრობილეში, პატიმარმა გიორგი ჩიხლაძემ ადვოკატ მამუკა ნოზაძესაც იგივე განუცხადა და რომ ჩვენების მისაცემადაც მზად იყო.


ზოგადად საქმეზე ძალიან ბევრი მტკიცებულება არსებობს. რუსიკო და მისი ერთ-ერთი ადვოკატი იყვნენ იმ პირებთან, რომლებმაც ნამდვილი მკვლელი დაინახეს, ვგულისხმობ იქვე მცხოვრებ ადამიანებს, სადაც დანაშაული მოხდა. ეს იყოს რამდენიმე წლის წინ. პირადად ვესწრებოდი როგორ აღწერდნენ მას, შენახული  მაქვს მათი გამოკითხვის ოქმები, რამდენადაც ვიცი ისინი პროკურატურამაც დაკითხა. რადიკალურად განსხვავებულ ტიპაჟებს აღწერდნენ.  საქმეში იკვეთები არა ერთი, არამედ ორი მკვლელი. თან მკვლელი, რომელიც „ალდაგის" კამერის ფირში ჩანს, გიორგი ბარათელის ვიზუალს არანაირად არ ემთხვევა.


საგანძური - ერთ-ერთი ვერსია გურამ შარაძის მკვლელობის მოტივია


ნინო მიქიაშვილი: გურამ შარაძის სიცოცხლეში ორჯერ იყო მცდელობა, რომ ეროვნული საგანძური წაეღოთ უცხოეთში საეჭვო რეპუტაციის მქონე ადამიანებს, ერთ-ერთი ასეთი პიროვნება გახლდათ ვინმე გუროვი. თუ სწორად მახსოვს წლები ასეთი მცდელობა იყო 1989 წელს და მეორე 1999 წელს, ისეთი აქტიური, ხმაურიც რომ მოყვა. ბატონი გურამი თავგამოდებით იცავდა ჩვენს ეროვნულ საგანაძურს. ხოლო, გურამ შარაძის სიკვდილის შემდეგ საგანაძურის აღმა-დაღმა ტარება დაიწყეს. 2013 წლის ივნისში პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისა და კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიას განკარგულების საფუძველზე 2004-2012 წლებში ქვეყნიდან დროებით გატანილი საგანძურის მდგომარეობის და თანმხლები დოკუმენტაციის შემსწავლელი კომისია შეიქმნა. ბატონ ოდიშარიას მივმართე, რომ მეც მსურდა ამ კომისიის წევრობა. ასე აღმოვჩნდი კომისიაში. ოთხთვიანი მუშაობის შემდეგ მე არ მოვაწერე ხელი დასკვნას, რომელიც დადეს კომისიის წევრებმა, რომ -  ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე - ოქრო, ვერცხლი, თიხა, ფიროსმანი, და სხვა ექსპონატების ნამდვილობა ეჭვს არ იწვევდა. მე დავწერე ჩემი დასკვნა, ჯერ მინისტრს წარვუდგინე და შემდეგ გავასაჯაროვე. აი, მაშინ დადასტრუდა, რომ საგანძური ქვეყნიდან ქვეყანაში ატარეს კანონდარღვევით. უცხოეთში მოწყობილი გამოფენის ვადა რომ ამოიწურებოდა და უკან დაბრუნების დრო მოახლოვდებოდა, მაშინ დავით ლორთქიფანიძე გარბოდა  კულტურის მინისტრთან და ვადას აგრძელებინებდა, აქაოდა უცხოელმა პარტნიორებმა  გამოფენის ვადის გახანგრძლივება მოითხოვესო, დაურტყამდა მინისტრი ბეჭედს და უხანგრძლივებდნენ ვადას. ასე აფრინეს საგანძური ქვეყნიდან -ქვეყანაში... კულტურის მინისტრად ავტომატიანი ნიკა რურუა, რომ გეყოლება (ეს საკუთარი თვალით მაქვს ნანახი)  და რეპუტაციაშელახული  დავით ლორთქიფანიძის ხელში, რომ იქნება მთელი ქვეყნის საგანძური, ეს არის უბედურება.  რა ჩამოვიდა უკან კაცმა არ იცის... მე მაქვს საფუძლიანი ეჭვი ექსპონატების ნამდვილობასთან დაკავშირებით - უკან დაბრუნებისას, არც ერთ ექსპონატს არ ჩატარებია კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო ექსპერტიზა. ამასთან,  საქართველოში არ არის აპარატურა, რომელიც ამა თუ იმ ექსპონატის, ნახატის, ნივთის ნამდვილობას დაადასტურებს. ხსენებული კომისიის მუშაობის შედეგად კარგი ის მოხდა, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საგანძური აქეთ-იქით  ვეღარ დასეირნობს, მაგრამ ისევ დავით ლორთქიფანიძის ხელშია. ბოლო წლებში  2  თუ 3 ექსპონატი იყო გასული ქვეყნის გარეთ. რატომ მოვყევი ამხელა ისტორია და რა ბმა აქვს გურამ შარაძის მკვლელობასთან? - გურამ შარაძეს სანამ ცოცხალი იყო, საგანძური საეჭვო რეპუტაციის ხალხს ქვეყნიდან არ გაუტანია. მისი სიკვდილის შემდეგ კი ქვეყნიდან ქვეყანაში შეუსვენებლად დაატარებდნენ ოქროს, ვერცხლს, ბრინჯაოს, თიხას, ფიროსმანს. მათ შორის კაცმა არ იცის რომელია ნამდვილი და რომელი ასლით ჩანაცვლებული. გურამ შარაძე ცოცხალი, რომ ყოფილიყო საგანძურის ნამდვილოაბსთან დაკავშირებით  მსგავსი კითხვები  არ გვექნებოდა, რადგან საგანძურის  ქვეყნიდან გატანას არ დაუშვებდა.


მკვლელობის მოტივის მეორე ვერსია:


ამონარიდი რუსუდან შარაძის განცხადებიდან: - მაშინ სააკაშვილი „მოქალაქეთა კავშირის" საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე და ამასთან, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეც იყო. მოკლედ, იმთავითვე ასეთი მოღალატეობრივი ნაბიჯებით მოდიოდა... 1998 წელს, მამაჩემი საქართველოს პარლამენტის მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე გახლდათ ანუ მისი უშუალო კომპეტენცია იყო, რომ ეს ვალდებულება ეტაპობრივად შესრულებულიყო და 400 ათასი ე.წ. თურქი-მესხი საქართველოს სამხრეთ ნაწილში ჩასახლებულიყო, მაგრამ გურამ შარაძემ ეს არ გააკეთა. პირიქით, ყველას და ყველაფერს ამხელდა - როგორც სააკაშვილსა და მის ამფსონებს, ასევე ამ ე.წ. თურქ-მესხებსაც, რომელთაც სინამდვილეში, მესხებთან საერთო არაფერი აქვთ. მამაჩემს სიცოცხლის მოსპობით მაშინვე ემუქრებოდნენ. მახსოვს, ამ თემაზე პირველი პრესკონფერენცია 1998 წლის თებერვალში გამართა და ყველაფერი ეს თქვა. მაშინ მისი მოკვლა ვერ გაბედეს. სამაგიეროდ, ჩემი უფროსი ძმა, ლაშა ლოგინში მძინარე მოკლეს. ე.წ. თურქი-მესხების საკითხი პერიოდულად აქტიურდებოდა ხოლმე. იმავე თემაზე მეორე პრესკონფერენცია გურამ შარაძემ 2002 წელს გამართა და თქვა, რომ მისი მკვლელობა იგეგმებოდა, რაც სწორედ ე.წ. თურქ-მესხებთან იყო დაკავშირებული. სხვათა შორის, მამაჩემის მკვლელობიდან ერთი თვეც არ იყო გასული, რომ სააკაშვილის პარლამენტმა ახალი კანონი გრიალ-გრიალით მიიღო".

 

ამასთან არსებობს, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფრაგმენტიც - ანუ რა მოხდა გურამ შარაძის მკვლელობამდე ერთი დღით ადრე, ვის შეხვდა და რა შეთავაზება მიიღო აკადემიკოსმა

 

თბილისის ყოფილი მერი თამაზ ვაშაძე ერთ-ერთი უკანასკნელთაგანია, ვინც გურამ შარაძეს შეხვდა. მათი დიალოგი უნივერსიტეტის მერვე კორპუსში, მეოთხე სართულზე, გურამ შარაძის მიერ დაარსებულ ქართული ემიგრაციის მუზეუმში გაიმართა. ვაშაძემ აკადემიკოსს უთხრა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა დაესახელებინა.

 

 ამონარიდი თამაზ ვაშაძის ინტერვიუდან:


„გურამ შარაძესთან მივედი ერთადერთი მიზნით, რათა ქართველმა ხალხმა გააცნობიეროს, რომ თუ ასე გაგრძელდა, უახლოეს მომავალში საქართველო აღარ იარსებებს! აღარ იარსებებს ჩვენი მართლმადიდებლობა, ჩვენი ტრადიცია, წესი, რიგი, კულტურა. ყველაფერ ამის გადარჩენა შესაძლებელია, თუ საქართველოს ეყოლება ღირსეული და ეროვნული პრეზიდენტი. ხელისუფლება ისეთ აფერას დაატრიალებს, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში 14 საპრეზიდენტო კანდიდატს წამოაყენებს. ალბათ, თეა თუთბერიძე და ხათუნა გოგორიშვილიც კი მიიღებენ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. გნებავთ, ათი ათას კაცს ნახავენ ოპოზიციონერსა და არაოპოზიციონერს, რომელიც ,,საპრეზიდენტო კანდიდატი" იქნება.  აქედან გამომდინარე, მაგალითად, საფრანგეთის პრეზიდენტი - ნიკოლას სარკოზი, რომელმაც ნამდვილად არ იცის, ვინ არის თუთბერიძე, გოგორიშვილი ან ბერძენიშვილი, იტყვის, - ,,საქართველოში დემოკრატიაა, რადგან ქვეყანაში საპრეზიდენო არჩევნებში ათი კანდიდატი მონაწილეობს"! ცხადია, ასეთ შემთხვევაში ე.წ. ყოველგვარი ნორმის დაცვით სააკაშვილი გაიმარჯვებს და სწორედ ეს რომ არ მოხდეს, თავი ვალდებულად ჩავთვალე, მივსულიყავი გურამ შარაძესთან.


1996 წელს, ემიგრაციაში ყოფნის დროს, მე ბატონ ელიზბარ ჯაველიძეს გერმანიაში წერილი მივწერე, - დღეს საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე გურამ შარაძეზე უფრო ეროვნული, პატრიოტი, შეუვალი და განათლებული კანდიდატურა არ მეგულება და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ არჩევნებში ბატონმა გურამმა იყაროს კენჭი-მეთქი! ცხადია, მე ილუზია არ მქონია, რომ სისხლით მოსული შევარდნაძე ხელისუფლებას არჩევნების გზით დათმობდა, მაგრამ ეს იქნებოდა პრეცედენტი იმისა, რომ შევარდნაძეს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის შემდეგ ისევ დაუპირისპირდა ეროვნული ძალა. სწორედ, ამ მიზნით მივედი მე გურამთან სიკვდილამდე ერთი დღით ადრე და ვუთხარი, - ბატონო გურამ, ძალიან გთხოვთ, ყურადღებით მომისმინოთ! თქვენგან პასუხს დღეს არ ველი, მაგრამ იფიქრეთ ამ საკითხზე. ერთ წელზე მეტია დარჩენილი საპრეზიდენტო არჩევნებამდე, საქართველო დაიღუპება, თუ ეროვნული კაცი არ მოვიდა ხელისუფლების სათავეში და გთხოვთ, იფიქროთ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე-მეთქი! მე მას ვუთხარი, რომ ყველა პარტიასთან მივიდოდი, რკინის ქალამნებს ჩავიცვამდი, მთელ საქართველოს სოფელ-სოფელ შემოვივლიდი! მე მაქვს ავტორიტეტი, ამას ხაზს ვუსვამ და მთელი ჩემი ცხოვრება ისე გამიტარებია, რომ ჩემზე ზედმეტს ვერავინ იტყვის. ბატონ გურამს დავპირდი, რომ ქადაგად დავვარდებოდი და მთელ ქვეყანას ფეხზე დავაყენებდი".


ნინო მიქიაშვილის საუბრის დასასრულს, მკვლელობის მოტივის საკუთარ ვერსიას მოკლე რეპლიკით გვთავაზობს - „გურამ შარაძე მოკლეს იმიტომ, რომ იცავდა - ენას, მამულს, სარწმუნოებას! - ისიც არ იცავდა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც".


საინტერესოა, შეიძლება კი  ზემოაღნიშნული მკვლელობის ერთ-ერთ მოტივად ჩაითვალოს, მნიშვნელოვანი კონკურენტის მოშორების მიზნით?!


მასალა ერთი შეხედვით ვრცელია, თუმცა ეს არის ის მწირი დეტალები, რაც გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში არსებობს.


და ბოლოს... 2017 წლის 17 ნოემბერს გიორგი ბარათელმა საპატიმრო დატოვა. მან გამოსვლის დღეს ჟურნალისტებს განუცხადა:


- „მე პირადად არავის არ ვადანაშაულებდი არანაირ ზეწოლაში. მე ვარ პატიმარი, ბრალდებული.

 

 გამოძიებასთან, პროკურატურასთან და ვისაც პაგონები აქვს, მე მაგ ხალხთან არ ვთანამშრომლობ".

 

ყოფილი მსჯავრდებულმა ასევე დასძინა, რომ სასამართლოზე იტყვის იმას, რაც თავად აწყობს.

 

„ნებისმიერ რამეს ვიტყვი სასამართლოზე, რაც მე მაწყობს" - აღნიშნა ბარათელმა, განვმეორდებით და ვიტყვით, დასკვნები მკითხველისთვის მიგვინდია...


 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner