logo_geo
eng_logo
არჩილ გამზარდია: ეს არის მუდმივი საშიშროება, მუდმივად მუქარის რეჟიმში არსებობა
- +

ავტორი ნინო ჯიბუტი

22 თებერვალი. 2016. 13:56


 

Euronews.ge-ს ცნობით, ევროპის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოსა და უკრაინაში რუსული პროპაგანდის გაზრდის საკითხზე სპეციალური მოხსენება მზადდება.



სააგენტოს ინფორმაციით, ნოემბერში ევროპარლამენტმა უკვე დაამტკიცა მოხსენება, რომლის მიხედვითაც, ის ინტერნეტ-კომპანიები, რომლებიც რუსული ექსტრემისტული პროპაგანდის გავრცელებით არიან დაკავებული, სპეციალურ პასუხისმგებლობას დაექვემდებარებიან. აღნიშნულ თემაზე „რეპორტიორს" ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ესაუბრა და აღნიშნა, რომ პროპაგანდის უკან სპეცსამსახურები დგას. ამიტომ ეს მოხსენება თუ შედგება, იქნება გარკვეული კვლევა, თუ როგორ მუშაობენ რუსული სპეცსამსახურები საქართველოში. რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა.



„საქართველოში ყველაფერი თითქოს სააშკარაოზეა გამოტანილი, რადგან არსებობენ პოლიტიკური სუბიექტები  და მედიასაშუალებები, რომლებიც რუსულ ორიენტაციას ღიად გამოხატავენ. საქართველოს მოქალაქეს, რა თქმა უნდა, აქვს უფლება, მოსწონდეს ან არ მოსწონდეს ესა თუ ის ქვეყანა და ა.შ... მაგრამ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ გავლენის დაბრუნებაზე, აქ არ ვგულისხმობთ საზოგადოების არჩევანს, როგორც იყო მაგალითად, საუკუნეების წინ, როდესაც საქართველო ხშირად იდგა  არჩევანის წინაშე - აზია თუ ევროპა და ა.შ...  აქ  საუბარია იმაზე, რომ ამ სპეცსამსახურებმა ხელოვნურად არ შექმნან ყალბი ინფორმაცია, მაგალითად, ევროპულ ორიენტაციაზე, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაერთიანებაზე, მსოფლიოს ცივილიზაციის ორგანულ ნაწილობაზე. ასევე საუბარია იმაზე, რომ  საქართველო ჩათრეულ იქნას რუსული გავლენისა და პრაქტიკულად რუსული მმართველობის ქვეშ.

 

 

შესაძლებელია, რუსეთთან დაახლოებულ პოლიტიკოსებს წმიდა ფინანსური  ინტერესები  ჰქონდეთ... ვიცით გარკვეული მედიასაშუალებებიც, მაგრამ ამ ყველაფრის გამოკვლევა-გააზრებაა მნიშვნელოვანი. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში ამ ყველაფრის დადგენა ასეთი იოლი არ არის. თუ პირდაპირი განცხადებები ან მოწოდებები არ არის, მედიასაშუალება თუ კონკრეტული სუბიექტი, შეიძლება, იმავე იდეოლოგიით მოქმედებდეს, მაგრამ ეს ყველაფერი ნაკლებად ჩანდეს. საჭიროა, არ მოხდეს იარლიყების მიკერება ისეთი მედიასაშუალებებისთვისაც, რომლებიც სინამდვილეში სულაც არ წარმოადგენენ რუსულ სპეცსამსახურებს" , -  განაცხადა გამზარდიამ.

 

ანალიტიკოსის თქმით, რუსეთის გვერდით ყოფნა იგივეა, რაც დანაღმულ ტერიტორიაზე სიარული.


„ზოგადად, რუსეთთან მიმართებაში ჩვენ უნდა გვქონდეს გარკვეული დონის ურთიერთობა, კომუნიკაცია მტრებთანაც აქვთ ხოლმე. გარკვეული გადაკვეთებიც შეიძლება იყოს ზოგჯერ... საქართველოს ჰყავდა დამპყრობლები, მაგრამ მათთან ამავდროულად პოლიტიკურ-კულტურულ-ეკონომიკურ კომუნიკაციასაც ჰქონდა ადგილი, ეს ზოგადად შესაძლებელია. მაგრამ რუსეთის გვერდით ყოფნა - ეს არის დანაღმულ ტერიტორიაზე სიარული. ეს არის მუდმივი საშიშროება, მუდმივად მუქარის რეჟიმში არსებობა. როგორც წესი, რუსეთი ჩვენთან  მუდმივად საფრთხის, აგრესიისა და თავდასხმის წინაპირობის რეჟიმშია", -  აცხადებს არჩილ გამზარდია.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner