logo_geo
eng_logo
„დოდო გუგეშაშვილის საქმეში ყოფილი მხედრიონელის, დათო შონიას სახელი ფიგურირებს“
- +

14 თებერვალი. 2018. 13:36



დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე თავდასხმის შესახებ „პრაიმტაიმისთვის" დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. „პრაიმტაიმის" ინფორმაციით, თავად დოდო გუგეშაშვილი მომხდარს ბოლო პერიოდში უკრაინაში მის საბრძოლო საქმიანობას უკავშირებს.


„პრაიმტაიმმა" გაარკვია, რომ საქმეში უკრაინაში მყოფი ყოფილი მხედრიონელის, დათო შონიას სახელი ფიგურირებს.


გამოცემის ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილმა მკვლელი ტელეფონით პირადად დააკავშირა დათო შონიას, რომელიც უკვე წლებია უკრაინაში ცხოვრობს და ბიზნეს საქმიანობას ეწევა.


თავდამსხმელი სახელად „ზურა" დოდო გუგეშაშვილს დაახლოებით 10 თვის წინ დაუკავშირდა და ამ ხნის განმავლობაში მას სულ ოთხჯერ შეხვდა.


„პრაიმტაიმის" წყაროს განცხადებით, ის გუგეშაშვილს გაეცნო, როგორც ერთ-ერთი თურქი ბიზნესმენის შუამავალი, რომელსაც უკრაინაში ერთი მილიონის ღირებულების ძვირფასი ქვების შეძენა სურდა.

 

„გუგეშაშვილმა მას უკრაინაში მყოფი მისი მეგობრის, დათო შონიას სახით დახმარება შესთავაზა და მათ შორის ამ თემაზე სატელეფონო კავშირიც შედგა. შესაბამისად, არ არის გამორიცხული შონია ამ საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმეც იყოს, რომელიც მკვლელის შესახებ დამატებით ინფორმაციას ფლობს".


„პრაიმტაიმის" წყაროს ინფორმაციით, „დათო შონია იყო დოდოს მეგობარი, რომელიც ცხოვრობს უკრაინაში. მის თვალწინ დაურეკა დოდომ ამ შონიას და ესაუბრა ქარვის ბიზნესთან დაკავშირებით. უთქვამს, რომ ამ კაცს უნდა უკრაინაში დიდი ოდენობით ქარვის შეძენა და რამე პრობლემა ხომ არ არისო?! რაზეც დათო შონიამ უპასუხა, რომ არანაირი პრობლემა არ იყო და ის თავად დაეხმარებოდა ყიდვაშიც და ტრანსპორტირებაშიც. მაგიტომ დაურეკეს, რომ რახან შენ უკრაინაში ყველაფერი იცი, იქნებ ამ საქმეში დაგვეხმაროო. ასე ყვება თავად დოდო".


„პრაიმტაიმმა" ასევე გაარკვია, რომ თავდამსხმელი გუგეშაშვილების ოჯახს ბოლო სამი დღის განმავლობაში სისტემატიურად სტუმრობდა, რაც აჩენს ეჭვს, რომ მკვლელობა რამდენიმე დღით ადრე იყო დაგეგმილი. ის გუგეშაშვილებთან ხუთ თებერვალსაც მივიდა, თუმცა სახლში არავინ დახვდა. მეორე დღეს, ექვს თებერვალს სახლში მხოლოდ ნოდარ გუგეშაშვილი იმყოფებოდა, რის გამოც სტუმარი მალევე გაბრუნდა უკან. ეს გარემოება პრაქტიკულად გამორიცხავს ვერსიას, რომ თავდასხმის რეალური სამიზნე ნოდარ გუგეშაშვილი იყო, ვინაიდან ამის შესაძლებლობა მკვლელს ექვს თებერვალსაც ჰქონდა, თანაც გაცილებით ხელსაყრელ მომენტში. საბოლოოდ ის გუგეშაშვილებს შვიდ თებერვალს დილის 10:00 საათის შემდეგ ესტუმრა და გეგმის სისრულეში მოყვანაც სცადა, თუმცა მან უშუალოდ სამიზნის ლიკვიდაცია ვერ მოახერხა და დოდო გუგეშაშვილის ნაცვლად, სიცოცხლეს მისი 33 წლის ვაჟი გამოასალმა.


„პრაიმტაიმისთვის" ასევე ცნობილი გახდა, რომ საქმეში ფიგურირებს ფოტო (სელფი), სადაც თავდამსხმელია აღბეჭდილი, თუმცა ეს ფოტო თავად მკვლელმა გადაიღო.


„ეს სელფი თავდამსხმელმა დოდო გუგეშაშვილთან ერთად გადაიღო, რომ ვითომდა თურქი ბიზნესმენისთვის გადასაგზავნად", - ამბობს „პრაიმტაიმის" წყარო.


არ არის გამორიცხული ქილერს ეს ფოტო მკვლელობის უშუალო შემკვეთისთვის გადაეგზავნა საბოლოო დასტურის მისაღებად.


დოდო გუგეშაშვილის გარდა ერთადერთი მოწმე, რომელიც შესაძლოა თავდამსხმელის შესახებ დამატებით ინფორმაციას ფლობდეს, უკრაინაში მყოფი დათო შონიაა.


„პრაიმტაიმის" მიერ მოპოვებული უტყუარი ინფორმაციით, დათო შონიასთან სატელეფონო კავშირისა და ძვირფასი ქვების ბიზნესზე დოდო გუგეშაშვილმა გამომძიებლებს დაკითხვის დროს პირადად უამბო, თუმცა ამის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროში „პრაიმტაიმს" განუმარტეს, რომ „დოდო გუგეშაშვილს აღნიშნული პიროვნება საერთოდ არ უხსენებია".


ვინ არის დათო შონია? ის წარმოშობით სოხუმელია და „მხედრიონის" ერთ-ერთი აქტიური მებრძოლი გახლდათ. სწორედ იმ დროიდან მეგობრობს დოდო გუგეშაშვილთან. „პრაიმტაიმის" ინფორმაციით, 1994 წელს საქართველო დატოვა და ოჯახთან ერთად საცხოვრებლად უკრაინაში გადავიდა. ამჟამად დათო შონია უკრაინაში ბიზნეს-საქმიანობით არის დაკავებული. „პრაიმტაიმმა" სცადა მასთან დაკავშირება, თუმცა საქართველოს ვეტერანთა სამსახურში მის შესახებ დიდი ხანია აღარაფერი სმენიათ.


დათო შონიას შესახებ ინფორმაცია ინტერნეტ რესურსებშიც არ მოიპოვება. ერთ-ერთ ინტერვიუში მას ჯაბა იოსელიანის დაცვის უფროსი, თამაზ ფანჩულიძე იხსენებს. ეს ის პერიოდია, როდესაც მხედრიონი აფხაზეთში იბრძოდა.

 

„ბატონმა ჯაბამ წინადადება შემოიტანა, კელასურის ხიდთან გავამაგროთ პოზიციები, გულრიფში, სოხუმი-ოჩამჩირის გზა, ოჩამჩირე და გალი არ დავთმოთო. გია ყარყარაშვილიც დაეთანხმა. ეს იდეა გენო ადამიასაც მოეწონა. გაიცა ბრძანება, რომ კელასურის ხიდთან ბეტონის ფილები მიეტანათ და გია ყარყარაშვილს თავისი ხალხი ჩაეყენებინა. დილის 7 საათზე სოხუმელ მხედრიონელს, დათო შონიას ბატონმა ჯაბამ უთხრა, ნახე, კელასურის ხიდთან ფილები თუ მიიტანეს და ხალხი თუ ჩააყენესო. შონია ნახევარ საათში დაბრუნდა, ფილები კი დაუწყვიათ, მაგრამ ხალხი არ არისო", - იხსენებს ჯაბა იოსელიანის დაცვის უფროსი.


 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner