წარსულის ტკბილი მოგონება, სადაც ერთ-ერთი კოლორიტული პერსონაჟი ძია კარაპეტა და მისი არღანია, ასე ლამაზად შემოგვინახა სერგო ედიშერაშვილის ფოტოკამერამ.
ამ ისტორიის გახსენება და დაწერა ერთმა ამბავმა გადამაწყვეტინა. გასულ ზაფხულს, ხელოვნების მუზეუმში, მალხაზ დათიკაშვილის ნამუშევრების გამოფენაზე, ჩემი მეგობარი, უბადლო ფოტოხელოვანი სერგო ედიშერშვილიც იყო. შემდეგ, მეგობრულ ვახშამზე, სერგომ თავისი ფოტოალბომი „თბილისი" მისახსოვრა და თან დააყოლა: შენთვის საინტერესო ბევრ ფოტოს ნახავო. გადავათვალიერე ალბომი და თვალში მომხვდა რესტორანი „სამადლო" და იქვე, ძია კარაპეტას ოთხი ფოტო.
ეს რესტორანი, სოლოლაკში, დავითაშვილის ქუჩის ბოლოში იყო. „სამადლო" ჩემი სამეგობროს თავშეყრის მართლაც რომ მადლიანი საქეიფო ადგილი იყო. კარგი პურმარილი თუ ვინმეს უყვარდა, „სამადლო" ამისთვის ზედგამოჭრილი იყო.
ახლა, რაც შეეხება ძია კარაპეტას. 60-70 წლებში, ეს თავადაც მადლიანი კაცი „სამადლოში" არღანზე უკრავდა და მოქეიფეებს ხვაშიადს უსწორებდა. ყველას უყვარდა და ყველა პატივს სცემდა. არც მე ვიყავი გამონაკლისი. ახალგაზრდული ინტერესით და ძველი თბილისის სიყვარულით, ძია კარაპეტას დავუმეგობრდი კიდეც. „სამადლოს" ხშირი სტუმარი გავხდი. ზოგჯერ, მარტოც ავსულვარ ძია კარაპეტასთან და ვინ მოთვლის, მშობლიური რვა ნომრის „აკომპანემენტით", რამდენი საინტერესო ამბავი მოუყოლია. მაშინ 80-ს იყო მიღწეული. ერთხელ ვკითხე: „ძია კარაპეტ, დიდი ხანია, არღანზე უკრავ?" გაეღიმა, რაც თავი მახსოვს, სხვა არაფერი ხელობა ვიცი, მამაჩემიც მეარღნე იყო. მან ეს არღანი და ვერცხლის ქამარი მიანდერძა. ერთი არღანიც სახლში მაქვს. ორივე ჩემი დამმარხავიაო. ეგ როგორ-მეთქი, ჩავეკითხე. აი, შვილო, წესად იყო - ყარაჩოღელები ამქვეყნიდან რომ წავიდოდნენ, ახლობლები მის ვერცხლის ქამარს გაყიდდნენ, ცოტას საძმაკაცოც შეეწეოდა და პატივით დამარხავდნენ. ცას ვერ გამოვეკერები და მეც ამ ქამრის და თქვენი იმედი მაქვსო.
გავიდა ხანი. მე და ჩემი მეგობრები ზამთარში „სამადლოში", ზაფხულში კი „ქართვლის დედის" ძეგლთან, კომკავშირის ხეივანში, ძია კარაპეტას არღნის ჰანგებზე დროსაც ვატარებდით და ამ ქვეყნის ჭირ-ვარამზეც ვსაუბრობდით.
70-იანი წლების ბოლოს მოსკოვში სტაჟირებაზე ვიყავი წასული. რომ დავბრუნდი, „სამადლოში" ავედი. ძია კარაპეტაც მოვიკითხე. მითხრეს: კვირაში ორ დღეს თუ გამოჩნდება, ავადმყოფობამ ხელი დარიაო. სერგო ედიშერაშვილს დავურეკე. სახლში ვესტუმრეთ, ცოტა ღვინო და საუზმე გავიყოლეთ. გაუხარდა, ცრემლიც მოადგა დავრდომილს...
1984 წელს ძია კარაპეტა კუკიაზე დავკრძალეთ. მისი ქამარი და არღანი ხელოვნების მუზეუმმა შეიძინა, ცოტა ჩვენც შევეწიეთ - ტრადიცია არ დავარღვიეთ. უშვილძიროდ წავიდა ძია კარაპეტა - თბილის-ქალაქის უხუცესი მეარღნე...
დღეს აღარც ის ხეივანია, აღარც „სამადლო" - მის ადგილზე კარგა მაღალი სახლია წამოჭიმული.
დარჩა წარსულის ტკბილი მოგონება, რომელშიც ერთ-ერთი კოლორიტული პერსონაჟი კვლავაც ძია კარაპეტა და მისი არღანია, ასე ლამაზად რომ შემოგვინახა სერგო ედიშერაშვილის ფოტოკამერამ.
ვახტანგ კობაიძე