ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი, „ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტოს" დირექტორი ქეთევან დუმბაძე განცხადებას ავრცელებს.
„ნოდარ დუმბაძე - „ყველა მოთხრობა" - ეს არის ახლად დაფუძნებული ნოდარ დუმბაძის გამომცემლობისა და ლიტერატურული სააგენტოს პირველი გამოცემა!
მობრძანდით 17 თებერვალს, 19:00 სააზე, სულხან ცინცაძის 63-ში, შეგვიფასეთ ნაშრომი და თქვენ ნოდარ დუმბაძის გამომცემლობის გეგმების შესახებ კიდევ ბევრ საინტერესო ამბავს შეიტყობთ.
ნოდარ დუმბაძის წიგნებს ერთი თავისებურება ახასიათებს: ისინი ძალიან მალე ცვდებიან, რადგანაც ოჯახის წევრების (ხშირად სხვადასხვა თაობის) მიერ რამდენჯერმე გადაკითხვას ვერ უძლებენ, ოჯახში ნოდარ დუმბაძის წიგნები ზედმეტი არასდროსაა.
ეს კრებული სრულიად გამორჩეული გახლავთ. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ წიგნად შეკრული მოთხრობების სრული კრებული არასდროს გამოცემულა, არამედ იმიტომაც, რომ „კუკარაჩას" დედანის კითხვისას, მოულოდნელად, ერთი ყველასთვის უცნობი გვერდი აღმოვაჩინეთ, რომლის წაკითხვის საშუალებაც, ავტორის შემდეგ, ახლა თქვენც მოგეცემათ.
„ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო" დაფუძნდა 2017 წელს ნოდარ დუმბაძის ფონდის ბაზაზე და მის ძირითად მიზნებს წარმოადგენს არა მხოლოდ ნოდარ დუმბაძის შემოქმედების გამოცემა, არამედ ზოგადად ქართული ლიტერატურის მხარდაჭერა და პოპულარიზაციაა. გამომცემლობა აგრეთვე ახორციელებს უცხოენოვანი ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნას და გამოცემას. მიზნად ისახავს თანამედროვე ქართული ლიტერატურული პროცესის პოპულარიზაციას და თანამედროვე ავტორებისათვის ხელშეწყობას როგორც ორიგინალური შემოქმედების, ასევე თარგმანების გამოცემის საქმეში.
გამომცემლობის 2018 წელს დაგეგმილია ორი სერიის გამოცემა - „ქართული მოთხრობა" - რომლის პირველი წიგნი, ნოდარ დუმბაძის მოთხრობები უკვე გამოიცა და სერია თანამედროვე უცხოენოვანი ლიტერატურის თარგმანები - „ლიტერატურა საზღვრებს გარეშე", რომელიც გულისხმობს მაღალმხატვრული ქართულად თარგმნილი ლიტერატურის სერიად გამოცემას და პოპულარიზაციას (პროზა, პოეზია). ამ სერიით წარმოდგენილი უცხოელი ავტორების შემოქმედება პირველად გამოიცემა საქართველოში ერთ საგამომცემლო პროექტში გაერთიანებული დამოუკიდებელი წიგნების სახით.
ამ სერიის განსახორციელებლად მზადდება უკრაინელი პოეტისა და მთარგმნელის ნატალია ტროხიმის (მთარგმნელი მარიამ წიკლაური, ბწკარედები უკრაინულიდან ნატალია ტროხიმისა), ებრაელი პოეტებისა და მთარგმნელების ამირ ორის, დითი რონენისა და ლალი ციპი მიხაელის (მთარგმნელები: ნიკა ჯორჯანელი, დალილა გოგია, მანანა დუმბაძე), შვედი პოეტისა და მთარგმნელის კრისტიან ანდერსონის (მთაგმნელები: მანანა მათიაშვილი, პაატა შამუგია) ლიტველი პოეტისა და მთარგმნელის ვლადას ბრაზიუნასის ( მთარგმნელი მარიამ წიკლაური, ბწკარედები ლიტვურიდან ნანა დევიძისა) საავტორო პოეტური კრებულები.
ეს ავტორები გარკვეულწილად დაკავშირებულები არიან თანამედროვე ქართველი ავტორების თარგმნისა და პოპულარიზაციის საქმესთან თავიანთ ქვეყნებში. ეს სერია იქნება ორმხრივი თანამშრომლობის გამოხატულებაც და საფუძველიც ქართველი ავტორების სხვადასხვა ენებზე თარგმნის, გამოცემის და პოპულარიზაციის საქმეში", - ნათქვამია განცხადებაში.