logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილმა ევროკავშირში მუშაობის უფლება მიიღო
- +

14 თებერვალი. 2018. 22:18

 

მიხეილ სააკაშვილს ევროკავშირში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება მისცეს. ამის შესახებ ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა საკუთარ facebook-ის გვერდზე დაწერა.

 

„ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერს დოკუმენტი ნიდერლანდებმა მიანიჭა. უკრაინის მიერ მოქალაქეობის ჩამორთმევის შემდეგ ეს პირადობის დამადასტურებელი ერთადერთი დოკუმენტია, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აქვს. დოკუმენტი ჰოლანდიის სამთავრობო უწყებებმა სააკაშვილს დღეს გადასცეს.

 

მიხეილ სააკაშვილი ვარშავიდან ამსტერდამში რამდენიმე საათის წინ ჩავიდა.

 

ნიდერლანდების ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილზე ვიზა ჯერ კიდევ 2017 წლის დეკემბერში გასცა. მაშინ მან ქვეყანაში შესვლის უფლება „ოჯახების გაერთიანების“ უფლების საფუძველზე მიიღო, რადგან ის ნიდერლანდების მოქალაქე სანდრა რულოვსზეა დაქორწინებული. სააკაშვილს ვიზა მაშინ კიევში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოში მისცეს.

 

მიხეილ სააკაშვილი 12 თებერვალს, კიევში, რესტორან „სულგუნში" უკრაინის სასაზღვრო სამსახურის სპეცრაზმმა დააკავა და მალევე პოლონეთში გაამგზავრა ანუ ქვეყანაში, საიდანაც ოფიციალური კიევის აზრით უკრაინაში უკანონოდ შეიჭრა.

 

მიხეილ სააკაშვილი კიევის პეჩერსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2017 წლის 11 დეკემბერს პატიმრობიდან  გათავისუფლდა. მანამდე ის ორჯერ დააკავეს.26 იანვარს კიევის სასამართლომ სააკაშვილს ღამის საათებში სახლიდან გასვლა აუკრძალა. განაჩენი 6 თებერვლამდე იყო ძალაში.

 

ოდესის ყოფილი გუბერნატორი და პოლიტიკური პარტიის „ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერი, რომელსაც არცერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვს, უკრაინაში „დამატებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის" სტატუსის მოპოვებას ცდილობდა, რაზეც უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა უარი უთხრა. სააკაშვილმა საიმიგრაციო სამსახურთან ბრძოლა უკრაინულ სასამართლოში განაგრძო, მაგრამ ყველა ინსტანციაში დამარცხდა.

 

მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს პროკურატურა ედავება და მის ექსტრადიციას ითხოვს. აქედან ერთ-ერთ საქმეზე, კერძოდ, სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულთა შეწყალების საქმეზე 5 იანვარს ქართულმა სასამართლომ სააკაშვილს დაუსწრებლად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამნისტიით მას სასჯელი 1/4-ით შეუმცირა და 3 წლით პატიმრობა დარჩა.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner