არასამთავრობო ორგანიზაციები, "პოზიცია", „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი" და „ახალგაზრდული ცენტრი" საქართველოში აშშ-ის ელჩს, იან კელის პეტიციით მიმართავენ და აშშ-ის კონგრესმენის, სტივ რასელის განცხადებასთან დაკავშირებით, ოფიციალური განმარტების გაკეთებას სთხოვენ.
არასამთავრობოების შეფასებით, სტივ რასელის განცხადება საქართველოს საშინაო პოლიტიკაში უხეშად ჩარევას წარმოადგენს.
„რასელის გამოსვლა ერთი-ერთში იმეორებდა ქართული ოპოზიციური პარტიის გამოსვლის ტექსტს, დაკნინებულ იქნა ამჟამინდელი მთავრობის მუშაობა, ხოლო წინა პლანზე წამოწეულ იქნა ყოფილი ხელისუფლების საქმიანობა. რეალურად კი, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველომ მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა ბოლო 3 წლის განმავლობაში, რაც სწორედ ამჟამინდელი მთავრობის გატარებული რეფორმების და ქვეყნის ეფექტური მართვით არის გამოწვეული. მსოფლიო, მათ შორის, აშშ აღიარებს, რომ საქართველოში აღარ არის სამართლდამცავი ორგანოები პოლიტიზებული, გაიზარდა დემოკრატიის დონე, პრესის თავისუფლება, სასამართლო დამოუკიდებლობა და ა.შ - აღნიშნულის გათვალისწინებით, მოულოდნელი გახლდათ ბატონი რასელის სიტყვით გამოსვლა", - განაცხადა ა/ო „პოზიციას" აღმასრულებელმა დირექტორმა, გურამ ადამაშვილმა.
„სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის" გამგეობის თავმჯდომარის, ლაშა გიორგაძის თქმით კი, კონგრესმენის მოწოდებამ, ბიძინა ივანიშვილის ანგარიშების გაყინვასთან დაკავშირებით, მოსახლეობის სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია.
„ერთი მხრივ, ბატონმა სტივმა ეჭვქვეშ დააყენა ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტების კვლევის შედეგები (Freedom House, Reporters Without Borders და ა.შ.), ხოლო, მეორე მხრივ, მან შეურაცხყო ქართველი ამომრჩეველი, რომელიც თურმე არ გახლავთ მაღალი ღირებულებების მატარებელი და ფულზე იყიდება.
რა თქმა უნდა, ყველას აქვს გამოხატვის და სიტყვის თვისუფლება, მაგრამ როდესაც ადამიანს ვადანაშაულებთ იარაღით უკანონო ვაჭრობაში. უნდა დავფიქრდეთ. გამოხატვის თავისუფლების სახელით ხომ არ ვარღვევთ უდანაშაულობის პრეზუმფციას", - აღნიშნა ლაშა გიორგაძემ.
„ახალგაზრდული ცენტრის" ხელმძღვანელის,ზურაბ ქადაგიძის განცხადებით, აუცილებელია, იან კელიმ კონგრესმენის გამოსვლასთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს და განუმარტოს ქართველ ხალხს, ვისი პოზიცია იყო ეს - აშშ-ის თუ „რესპუბლიკური პარტიის".
„არ გვინდა ვიფიქროთ, რომ კონგრესის წარმომადგენლთა პალატის სხდომაზე გამომსვლელი კონგრესმენი ქართული ოპოზიციური პარტიის მარიონეტი გახლდათ. სწორედ იმ ტრიბუნიდან, რომლიდანაც სტივ რასელი საუბრობდა, ჩვენ გვახსოვს უამრავი ღირსეული და მიუკერძოებელი გამოსვლა, რომელმაც განამტკიცა ჩვენი ქვეყნის ურთიერთობა და დააჩქარა საქართველოს წინსვლა. რა თქმა უნდა იყო კრიტიკული გამოსვლებიც, მაგრამ კრიტიკა მუდამ გახლდათ სამართლიანი და დასაბუთბეული. სწორედ ამიტომ სტივ რასელის გამოსვლა, რომელმაც მოახდინა სიცრუის ტირაჟირება იყო ყოვლად ამორალური", - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.
„რესპუბლიკელმა" კონგრესმენმა, სტივ რასელმა აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატაში გამოსვლისას, პრეზიდენტ ბარაკ ობამას მოუწოდა, საქართველოში ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს კარგად დააკვირდეს, რადგან, კონგრესმენის თქმით, ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი შეეცდება, არჩევნებზე გავლენა მოახდინოს, ხმების მოსყიდვისა და ოპონენტებთან გამკლავების გზით.
ამასთან, სტივ რასელი აშშ-ის ფინანსთა სამინისტროსა და დასავლურ ბანკებს "იარაღით უკანონო ვაჭრობის გამო", ბიძინა ივანიშვილის აქტივების გაყინვისკენ მოუწოდა.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილის, ნიკოლას ბერლინერის განცხადებით, კონგრესმენ სტივ რასელის განცხადება აშშ-ის მთავრობისა და მინისტრთა კაბინეტის პოზიციას არ წარმოადგენს.