logo_geo
eng_logo
თავისუფლებაშეზღუდულთა შემოქმედება - ის, რითაც საზოგადოება უნდა დაინტერესდეს!
- +

25 აპრილი. 2016. 19:57


 

ნატურალური ხისგან დამზადებული სათამაშოები - სხვადასხვა ფორმის, სახის ფიგურები... ასაწყობი სახლები, ხიდები, ურიკები, ჩიტის სახლები; აქსესუარები - ჭიქის ორიგინალური დასადგამები, სანათები; დიდი ზომის ნაკეთობები - გასაშლელი მაგიდები, ბავშვის მაგიდები - ქვიშისთვის და ა.შ.  ავეჯი... ყველაფერი, რაც   ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხოა -  რომლებიც დამზადებული პირობით მსჯავრდებილთა და თავისუფლებაშეზღუდულ პირთა მიერ სოციალურ საწარმოში.

რატომ უნდა დავინტერესდეთ აღნიშნული ნაკეთობებით და რა უპირატესობით სარგებლობენ ისინი ბაზარზე არსებულ პროდუქციასთან მიმართებაში?


 

 

სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სსიპ „პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ", 2014 წლის აგვისტოში, „მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის" საგრანტო კონკურსში მიიღო მონაწილეობა. კონკურსი სოციალური საწარმოების დაფუძნებას გულისხმობდა, სადაც „პრობაციის ეროვნული სააგენტოს" პროექტი   5 საუკეთესო იდეას შორის მოხვდა, გაიმარჯვა და დაფინანსდა.


ნიკა ხარებავა პროექტის მენეჯერია. მისი თქმით, პროექტის განხორციელება  2015 წლის იანვარში დაიწყო.


„ამავე წლის სექტემბრამდე მიმდინარეობდა  მოსამზადებელი სამუშაოები. საწარმო, ოფიციალურად, გასული წლის სექტემბერში გაიხსნა", - აღნიშნავს ხარებავა „რეპორტიორთან" საუბრისას.


საწარმოში დასაქმებული არიან პირობით მსჯავრდებულები და თავისუფლებაშეზღუდული პირები.


„ბენეფიციარები უნდა აკმაყოფლებდნენ გარკვეულ კრიტერიუმებს. უნდა იყოს მიგრანტი, პოტენციური მიგრანტი, ყოფილი ნარკომომხმარებელი ან რემისიაში მყოფი ბენეფიციარი", - განმარტავს პროექტის მენეჯერი ჩვენთან საუბრისას.


ბენეფიცირებთან ერთად, დასაქმებულია ერთი პროფესიონალი დურგალი, რომელიც ბენეფიციარებს სამუშაო დეტალებს უხსნის.


„ბენეფიციარი 6 თვის მანძილზეა ჩართული პროექტში, თან სწავლობს საწარმოში ხეზე მუშაობას და ამასთანავე იღებს შესაბამის ანაზღაურებას - ეს არის პროექტით გათავალისწინებული თვეში 315 ლარი.

 

ბენეფიციარი, პროექტიდან გასვლის შემდეგ, მომზადებულია, დამოუკიდებლად შეძლოს მუშაობა. ჩვენთვის მთავარი არის ის, რომ ყოფილი ნარკომომხმარებელი, რომლისთვისაც არსებობს ცდუნება, კვლავ მოიხმაროს ნარკოტიკი, აკეთებს მისთვის საინტერესო საქმეს, თან სწავლობს ხეზე მუშაობას, გადის რეაბილიტაციის ერთგვარ კურსს და 6 თვის შემდეგ, ეს ადამაინები სამუშაო ბაზარზე არიან კონკურენტუნარიანები. ანუ, სხვადასხვა დატვირთვა აქვს ამ პროექტს - სოციალური, სარეაბილიტაციო და ა.შ." - გვიყვება ნიკა ხარებავა.


ბენეფიციარებში პირველად შერჩევას აკეთებენ პრობაციის ოფიცრები, რომელთაც აქვთ ინფორმაცია პროექტის შესახებ.


„ამ შერჩეულ ბენეფიციარებს ვხვდები მე, გვაქვს დეტალური ინტერვიუს ფორმა, რომელიც შემუშავებულია „მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის" მიერ. ვატარებთ ინტერვიუს, ვაზუსტებთ მის სურვილებს, მოტივაციას - რამდენად უნდთ საწარმოში მუშაობა და თუ დადასტურდება, რომ მართლა უნდა საწარმოში მუშაობა, ბენეფიციარი  ერთვება სამუშაო პროცესში", - განმარტავს პროექტის  მენეჯერი.


ბენეფიციარების ნაკეთობები საინტერესოდ გამოიყურება - აკეთებენ სხვადასხვა ფორმის ფიგურებს...  ჭიქის ორიგინალურ დასადგამებს,  სანათებს, ასაწყობ სახლებს, ხიდებს, ურიკებს, ჩიტის სახლებს, ასევე დიდი ზომის ნაკეთობებს - გასაშლელ მაგიდებს, ბავშვის მაგიდებს - ქვიშისთვის და ა.შ.  

 

„მთელი საწარმო დანადგარები ორიენტირებულია, რომ ვაკეთოთ ხის ნაკეთობები, რომელთა რეალიზება ძირითადად ხდება გამოფენებიდან, ასევე, აქტიურ მოლაპარაკებებს  ვაწარმოებთ სათამაშოების მაღაზიებთან. აქ ერთი პრობლემაა - ქართული ბაზარი გაჯერებულია ჩინური პროდუქციით, რომელიც ძალიან იაფია, რის გამოც ქართულ ბაზარზე ხის სათამაშოების რეალიზება ხდება მცირე რაოდენობით. ამის გამოც იყო, რომ ჩვენ არ შევჩერდით მხოლოდ სათამაშოებზე და დავიწყეთ ისეთი ნივთების კეთება, რომლებიც უფრო მოთხოვნადი შეიძლება იყოს ბაზარზე", - აღნიშნავს ხარებავა.


მართალია, ჩინურ პროდუქციას სიიაფის გამო ვერ უწევენ კონკურენციას, მაგრამ არც აღნიშნული სათამაშოებია მიუწვდომელი მომხმარებლისთვის. როგორც გავარკვიეთ, -  ერთი ტომარა, სადაც არის 60 განსხვავებული ფიგურა, ღირს 40 ლარი, ასევე არის 30 და 20-ლარიანი ტომრებიც. რაოდენობაზე და სიდიდეზეა დამოკიდებული ყველაფერი.


ყველა სხვა სახის სათამაშოებთან მიმართებაში, აღნიშნულ ნაკეთობებს ბევრი უპირატესობა აქვს.


„უპირატესობები არის ის, რომ აქ დამზადებული სათამაშოები არის ეკოლოგიურად სუფთა, დამზადებულია ნატურალური ხისგან და თუ დამუშავებულია საღებავებით ან ზეთებით, ეს საშუალებებიც არის ნატურალური, ბიოლოგიურია ზეთებიც და საღებავებიც. შესაბამისად, აბსოლუტურად უსაფრთხოა ბავშვებისთვის. მით უმეტეს, თუ შევადარებთ ჩინურ სათამაშოებს, რომლებიც არავინ იცის, რა მასალისგან და რა ნარჩენებისგანაა დამზადებული", - ამბობს ხარებავა.


რაც მთავარია, ეს პროდუქცია დამზადებულია სოციალურ საწარმოში, გაკეთებულია პირობით მსჯავრდებულთა და თავისუფლებაშეზღუდულ პირთა მიერ და თითოეული გაყიდული პროდუქცია არის ერთგვარი სტიმული მათთვის.  თითოეული ნივთის ყიდვით, ამ ადამიანებს ვეხმარებით რეაბილიტაციის კურსის სწორად გავლაში.


დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ, მიბრძანდეთ ალ. ყაზბეგის 42 ნომერში. სადაც მოგაწვდიან თქვენს მიერ შერჩეულ ნივთს. ასევე, შეგიძლიათ დატოვოთ შეკვეთა.


სხვათა შორის, გაყიდვიდან შემოსული თანხის რეინვესტირება, ბიზნესისგან განსხვავებით, ხდება ისევ და ისევ სოციალურ საწარმოში, რომ იქ დასაქმებულ ადამიანებს გაეზარდოთ ხელფასები, თუნდაც ბონუსის სახით აიღონ ანაზღაურება, გაიზარდოს სოციალური საწარმოს შესაძლებლობები - ანუ დაამატონ დანადგარები, გაიზარდოს წარმოება  და ა.შ.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner