„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. პოლიციის მხრიდან კრიმინალთან აქტიური ბრძოლა გრძელდება", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„სამართალდამცველებმა ირანის რესპუბლიკის ოთხი მოქალაქე თბილისში დააკავეს, მათგან 1,5 კგ ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი" და დიდი ოდენობით „მეტადონი" ამოიღეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ნარკოტიკული საშუალება ირანიდან საქართველოში შემოიტანეს.
ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია 13 პირი მათ შორის - 6 ნარკორეალიზატორი, რომლებიც ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდიდნენ. მათი დანაშაულებრივი საქმიანობის გამოვლენის და დაკავების მიზნით თბილისში, ფონიჭალაში, გარდაბანსა და მარნეულში ჩატარდა სპეციალური ოპერაციები.
პოლიციის მიერ სულ ამოღებულია, 1,5 კილოგრამზე მეტი „ჰეროინი", 81 აბი „მდმა", 50 ფირფიტა ე.წ. „ბიო" და სხვა ნარკოტიკული საშუალებები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. სამინისტროს მიზანია, დროულად აღიკვეთოს ნარკოტიკის გავრცელება და მაქსიმალურად შემცირდეს ნარკოდანაშაული", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.