logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: შეცდომა დავუშვით...
- +

16 თებერვალი. 2018. 13:33



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ ტელეკომპანია „იბერიას" გადაცემაში „თავისუფალი სივრცე" საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარე პროცესები შეაფასა.


„მინდა, ჩემი პოლიტიკური შეფასება გავაკეთო იმ კადრებთან დაკავშირებით, რაც ყველამ ვიხილეთ. ჩემთვის შეურაცხმყოფელია, როგორც ქართველისთვის ეს კიდევ უფრო მძიმედ აღსაქმელია, რომ შენი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი უკვე მერამდენედ დაბალ სართულში ვიხილეთ. ეს ადამიანი არის აბსოლუტურად გაუწონასწორებელი, ავანტიურისტი და დამანგრეველი ბუნების მქონე, მან ეს თავისი პოლიტიკური მოღვაწეობის პროცესში დაამტკიცა. ნახეთ, როგორია მისი განცხადებების რიტორიკა - „მე მაქვს შესაბამისი გამოცდილება და მე ვიცი, როგორ უნდა იმუშაონ ციხეებმა".

 

დიახ, მე ვიცი, როგორ იმუშავეს ციხეებმა, პირდაპირ ციფრებს გეუბნებით - 5 დღეში იყო 2 გვამი. ასევე მისი კიდევ ერთი წინადადება - „ათჯერ უფრო საშიში ვარ, ვიდრე ვიყავი" - ანუ თუ ამას ათჯერ გავამრავლებთ, 5 დღეში შეიძლება 20 გვამის შემოთავაზებას გვიკეთებს ყოფილი პრეზიდენტი. შეცდომა დავუშვით ჩვენ, როცა ასეთი ადამიანი ავირჩიეთ 2003 წელს პრეზიდენტად. მე იმედი მაქვს, რომ შეცდომას აღარ დავუშვებთ.

 

უკრაინამაც დაუშვა შეცდომა, როცა ქართველი საზოგადოების მიერ დაწუნებული პრეზიდენტი, მისი მთლიანი შემადგენლობით მიიღო და ჩააბარა საკუთარი ქვეყანა სამართავად, რაც ბუმერანგივით უბრუნდებათ. მეორე შეცდომა იყო, როცა საზღვარი ვერ გააკონტროლა უკრაინამ და მესამე შეცდომა იყო ის, რომ საქართველოს გაცხადებული აქვს, მისი ექსტრადირება მოხდეს საქართველოში, ესეც არ აღსრულებულა. რა თქმა უნდა, ეს მათი გადასაწყვეტი იყო, როდესაც საზღვარი დაარღვია მიხეილ სააკაშვილმა, როგორც გვეუბნებოდა, თითქოს ხელში აყვანილი შემოყვანეს, მაგრამ მე ვერ ვნახე ის ხელში აყვანილი, ქოჩრით გაყვანილი ვნახე და მრცხვენია, ჩემთვის ეს არ არის სასიამოვნო საყურებელი.

 

კიდევ ერთხელ ვამბობ, სიფრთხილე ყველას მართებს, რადგან ასეთი გაუწონასწორებელი პიროვნებები ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფებისთვის, ზოგჯერ ქვეყნებისთვისაც მისაღებია, როცა ისინი საკუთარ პერსპექტივას ხედავენ, მხოლოდ რევოლუციური გზით რომ მიაღწიონ საწადელს, ასეთ პიროვნებები ზოგჯერ საინტერესონი ხდებიან მათთვის. ამიტომ ვფიქრობ, ასეთი ადამიანების მიმართ ყველგან უნდა იყვნენ უფრო ზუსტნი და გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული ისეთი, როგორიც ამ საფრთხეებს შეამცირებს", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner