საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„მეგობრებო, ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ჩვენი ხელისუფლებისა და მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია.
ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს უკვე 200 ათასამდე მოქალაქემ ისარგებლა 90-დღიანი ვიზიტისთვის განსაზღვრული უვიზო მიმოსვლის რეჟიმით.
დღეს, ჩვენს მოქალაქეებს ვიზა-ლიბერალიზაციით სარგებლობის კუთხით, საფრთხე არ ემუქრებათ, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის წესების დარღვევა და თავშესაფრის პროცედურებით ბოროტად სარგებლობა დაუშვებელია, რადგანაც ამით ზიანი ადგება ნებისმიერ სხვა მოქალაქეს, იგივე ჩვენს, თქვენს ახლობელს, ვინც არ არღვევს და არ განიზრახავს უვიზო რეჟიმის დარღვევას.
ყველას უნდა ახსოვდეს, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაშია. შესაბამისად, ამის გათვალისწინებით, მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების განაცხადების უმეტესობა არ კმაყოფილდება და საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის განაცხადის განხილვის ვადები შენგენის უმრავლეს ქვეყანაში მინიმუმამდეა დაყვანილი.
შედეგად, უვიზო რეჟიმის დამრღვევები ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვარდებიან და დეპორტირებულების სტატუსით უწევთ საქართველოში დაბრუნება", - წერს კვაჭანტირაძე.