„ასეთ ადამიანებზე იდგა დამოუკიდებელი საქართველო და გაუხუნარი თავისუფლების იდეაც!" - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ირაკლი შონია და მიხეილ დიდებულიძის შესახებ შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„თუკი ვინმეზე შეიძლება ითქვას, რომ ღირსი იყო და ამართლებდა ჩოხის ტარებას, ეს გახლდათ ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი მიხეილ დიდებულიძე! მართლაც დიდებული პიროვნება! ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში დადიოდა შინდისფერი ჩოხით და ბევრი გაუთვითცნობიერებელი ადამიანის გაოცებას იწვევდა... როგორც ანაფორიანი სასულიერო პირების, კომუნისტების წითელ ხანაში... ჩემთვის კი ძალიან დიდი პატივი იყო ბატონ მიხეილის გვერდით ქუჩაში სიარული, მანიფესტაციებზე და მიტინგებზე ერთად დგომა... ახლაც მახსოვს ერთ-ერთი მილიცია-პოლიციის თანამშრომელი ედავებოდა მიხეილს ხანჯლით მიტინგებზე სიარული არ შეიძლება, კანონს არღვევთ, ცივი იარაღით საზოგადო ადგილებში ყოფნა დაუშვებელიაო. ბ-მა მიხეილმა დაუძრო ხანჯალი და შეშინებულ „სამართალდამცავს" უკან არც მოუხედავს ისე აორთქლდა!
უწესიერესი, უპატიოსნესი, ღრმად განათლებული და ინტელიგენტი გახლდათ მიხელ დიდებულიძე! მის მხრებზე გადაირა 9 აპრილის შემზარავმა ღამემ, მთავრობის სასახლეში ჰაუბიცების და ქვემეხების სროლის მთელი სიმწვავე ომის დროს, დახვრეტილი მიტინგები და ჩვენი მოცელილი ახალგაზრდობა...
სწორედ ასეთ ადამიანებზე იდგა დამოუკიდებელი საქართველო და გაუხუნარი თავისუფლების იდეაც!" - წერს ირაკლი შონია.