იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს, ბუდისტურ მონასტერს ჯოკანგს, ტიბეტის ავტონომიური რეგიონის ქალაქ ლჰასში ხანძარი გაუჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuter-ი ავრცელებს.
ხანძარი შაბათს საღამოს გაჩნდა. ამჟამად ცეცხლი ჩამქრალია, თუმცა მეხანძრეები კვლავ ეძებენ ხანძრის კერებს. მიყენებული ზარალი ჯერჯერობით არ შეუფასებიათ, თუმცა პოლიციის ცნობით, ის საკმაოდ მაღალია. აღნიშნავენ, რომ ყველაზე მეტად ტაძრის გუმბათია დაზიანებული
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ჯოკანგის მონასტერი, რომლის მშენებლობა 639 წელს დაიწყეს, ლჰასის სულიერ ცენტრად მიიჩნევა და ტიბეტში ყველაზე წმინდა ადგილია. ჯოკანგში ინახება ბუდისტებს შორის ყველაზე პატივსაცემი ბუდა შაკიამუნის რელიკვიური ქანდაკება.