„ევროპარლამენტარებმა მხარი საქართველოს პროგრესს დაუჭირეს. თავად ევროპულ ოჯახს საქართველოსგან ახალი კულტურის, ხედვების, სტაბილურობისა და ეროვნული ღირებულებების კუთხით საკმაოდ სერიოზული შენაძენი ექნება. ასე რომ, ეს სიკეთე ორმხრივია და ვფიქრობ, საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ხვალინდელ კენჭისყრაზე სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღება" - განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, გიორგი ვოლსკიმ გადაცემა 2030-ში.
მან მიხეილ სააკაშვილის განცხადებებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტის მოწოდებები არა ქართველ ხალხს, არამედ "ნაციონალური მოძრაობის" გარკვეულ ნაწილს ეხებოდა, რომელიც რებრენდინგით სააკაშვილის სისხლიანი ჩრდილიდან გამოსვლას ცდილობს.
"სააკაშვილმა არა ერთხელ თქვა, რომ საქმე არჩევნებამდე არ უნდა მივიდეს. "ნაციონალურ მოძრაობას" ურთიერთობების საკმაოდ განვითარებული ქსელი გააჩნია და ამ ქსელის გამოყენებით პროცესების დაწყებას ცდილობს, მაგრამ სააკაშვილი ვერ შეძლებს, კიდევ ერთხელ, ახლა უკვე საქართველოში განახორციელოს ის, რაც ესიზმრება და ელანდება, რადგან ამას ქართული საზოგადოება არ დაუშვებს", - განაცხადა ვოლსკიმ.