„ამ თემაზე თუ მომიწევდა საერთოდ განცხადების გაკეთება არ მეგონა. კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით მანიპულირება და აზრის გაუკუღმართება ცნობილი ფანდია პოლიტიკაში. ამის გამო, დაახლოებით ერთი თვის წინ მომიწია პენსიაზე ჩემი ნათქვამის ახსნა-განმარტება. მაგრამ თუ დამაბრალებდნენ საჯაროდ იმის თქმას რაც არ მითქვამს, ნამდვილად არ მეგონა", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე სოციალურ ქსელში წერს.
„პოლიტიკური განცხადებების და პერფორმანსის პასუხად „წადით პარტია ჩამოაყალიბეთ" როგორ გადაიქცა ცინიკურ "წადით კომუნისტური პარტია ჩამოაყალიბეთ" ტვ პირველის წამყვანის ფანტაზიის გაქანების თუ სკანდალური განცხადებებისკენ ლტოლვის გამო, მართალი გითხრათ ვერ ვხვდები. მით უმეტეს, როდესაც ათობით ადამიანი ესწრებოდა ამ მომენტს და იმედი მაქვს მკაფიოდ გაიგო ჩემი ნათქვამი.
ცალსახად მინდა დავაფიქსირო: არც საზოგადოებას, არც ჩემ თავს არ ვაკადრებდი და არ ვაკადრებ მომავალში კნინობითი და ცინიკური ფორმით და იარლიყების მიკერებით დავუპირისპირდე ახალგაზრდულ მაქსიმალიზმს ადამიანის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე ზრუნვის საკითხში. შეიძლება რაღაცაში ერთმანეთს არ ვეთანხმებოდეთ, მაგრამ ეს ვერანაირად ვერ დაასაბუთებს ცინიზმს, შეურაცხყოფას და უსამართლო სახელდებას დებატებსა და დისკუსიებში.
ამიტომ ვითხოვ რომ „ტვ პირველმა" თავისივე შეცდომა გაასწოროს და ბოდიში მოიხადოს მათი, იმედი მაქვს, უნებლიე შეცდომის გამო", - წერს ზოიძე.