საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების ტაძარში შენდობის ლოცვა წაიკითხა და შეკრებილ მრევლს შენდობა სთხოვა.
„ღმერთო, მამაო, ძეო ღვთისაო და სულო წმინდაო, შეუნდე ერსა ჩვენსა შეცოდებულსა. ღმერთო, შეუნდე მთავრობასა და მხედრობასა ჩვენსა. ღმერთო, შეუნდე მღვდელმთავრებსა, სამღვდელოებასა, დიაკვნებსა, ბერმონაზვნებსა. ღმერთო, შეუნდე ჩვენს ახალგაზრდობას. ღმერთო, შეუნდე მოხუცებულთა. ღმერთო, შეუნდე ყოველთა მკვიდრთა საქართველოისათა. ღმერთო, შეუნდე უცხოეთში მცხოვრებთა თანამემამულეთა. ღმერთო, შემინდე, მე, ცოდვილსა და უღირსსა მონასა შენსა და ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, შემინდეთ შეცოდებანი ჩემნი", - აღნიშნა პატრიარქმა.
დღეს მიტევების კვირაა. დიდი მარხვის დაწყების წინ, ყველიერის შვიდეულის ბოლო, კვირა დღეს მართლმადიდებელ ეკლესიაში საგანგებო ღვთისმსახურება ტარდება და შენდობის ლოცვა იკითხება. ეკლესია ამ დღეს სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს. მისივე სწავლებით, პირველქმნილი ადამიანების მიერ სამოთხის დატოვების მიზეზი სინანულის არქონა გახდა. შენდობის ლოცვა კი საყოველთაო სინანულისკენ მოწოდებაა. ხვალიდან დიდი მარხვა იწყება.