„ცოდვა არის საშინელი ვნება, რომელიც ღუპავს ადამიანს", - ამის შესახებ სამების ტაძარში შენდობის ლოცვის აღვლენის შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ განაცხადა.
„ამ წმინდა დღეს ჩვენ, ცოდვილნი და უღირსნი მონანი და მხევალნი ღვთისანი ვდგავართ წინაშე ღვთისა ვითარცა ადამი შეცოდებული. ადამს მოესმა ხმა ღვთისა - „ადამ, ადამ, სად ხარ შენ". ადამმა უპასუხა, აქ ვარ, მაგრამ შიშველი ვარ და მრცხვენია, დაგენახო. ვინ გითხრა, რომ შიშველი ხარ, ხომ არ შეჭამე აკრძალული ხილიო და ადამი პასუხობს: შენ რომ ცოლი მომეცი, იმან მომიტანა და ეს ხილი და შევჭამე. შემდეგ მიმართა უფალმა ევას, რატომ გააკეთე ესო, ევამ უპასუხა, შენ რომ შექმენი გველი, იმან შემაცდინაო. წმინდა მამები ამბობენ, ადამს რომ არ ეთქვა, ევამ მომცა და შევჭამეო, შეიძლება, ღმერთი ისევ დატოვებდა სამოთხეშიო.
ცოდვა ეს არის საშინელი ვნება, ეს არის რომელიც ღუპავს ადამიანს, ეს არის ის ხორცმეტი, რომელიც არის ადამიანის სულზე, რომლისგანაც უნდა გათავისუფლდეს ყოველი ადამიანი. ამიტომაა, რომ წმინდა მამა ამბობს: ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა. როგორ უნდა განიცადოს ადამიანმა ცოდვა, უპირველეს ყოვლისა, უნდა განიცადოს ადამიანმა გულითა და გონებით. არ შეიძლება, ჩვენ ვცნობდეთ ცოდვას მხოლოდ გონებით, უპირველეს ყოვლისა, როგორც წმინდა მამები ამბობენ, ადამიანმა უნდა განიცადოს ცოდვა დიდი გონებით და დიდი გონება არის გული", - აღნიშნა პატრიარქმა.
პატრიარქმა ქადაგებისას ისაუბრა იმის შესახებ, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს შენდობის წესს.
„შენდობა რომ არ ყოფილიყო, პატიება რომ არ ყოფილიყო, ვერცერთი ადამიანი ვერ ცხონდებოდა დედამიწაზე. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ დაწესდა შენდობის წესი. დასაწყისი დაედო ამას ეგვიპტის უდაბნოში, დიდი მარხვის წინ ყველა ბერ-მონაზონი იკრიბებოდა მონასტერში და ერთმანეთს სთხოვდნენ პატიებას. შემდეგ წავიდოდნენ უდაბნოში და მთელი მარხვის დროს ლოცულობდნენ. არავინ ხედავდა, რა უჭირდათ მათ. შემდეგ იკრიბებოდნენ ერთად და ზეიმობდნენ აღდგომის დღესასწაულს.
ცოდვა, ეს დიდი ვნებაა. ადამიანი ხშირად ვერ გრძნობს, როგორ შემოეპარება ცოდვა. ადამიანის გონებაში მთელი პროცესია - უპირველეს ყოვლისა, თვალში შემოდის, თვალით ხედავ ამა თუ იმ ვნებას, თვალიდან გულში. გულში თუ შევიდა ვნება, მერე მოედება მთელ სხეულს და უკვე ძნელია მისი განშორება. აი, ამიტომ, ყოველ ადამიანს უნდა ყავდეს მოძღვარი, მლოცველი, არა მარტო ბერმონაზონს, სასულიერო პირს, არამედ ერის ადამიანებს.
მონასტრებში სამღვდელოება უნდა ლოცულობდეს ყოველი ადამიანისათვის, ამიტომ დიდი შრომაა, სულიერი შრომაა. როგორც ამბობს ბიბლია, ეს არ არის ბრძოლა ვნებებთან - ხორცთან და სისხლთან, არამედ ეს არის ბრძოლა ეშმაკთან. ეშმაკი ბრძენია და ამ სიბრძნით აღწევს თავის ბოროტ ვნებებს და აზრებს.
ძალიან ძნელია მიტევება ცოდვისა, თუ შენ არ დაგიშავებია. ხშირი შემთხვევაა, როდესაც ადამიანი სიკეთეს უკეთებს სხვას და ადმიანი პასუხობს ბოროტებით, რა უნდა უყო ესეთ ადამიანს. ხედავ, რომ ადამიანი ცუდს გიკეთებს, შენ უნდა დალოცო, გლანძღავს - შენ უნდა დალოცო და ეს ყველაფერი, შენი დალოცვები შენ გიბრუნდება. აი, ამიტომ დიდი სიბრძნე უნდა გამოიჩინო, რომ სიკეთე და სიწმინდე შენ დაგიბრუნდეს.
დიდი მარხვა არის შესანიშნავი საშუალება მადლის მოსაპოვებლად", - აღნიშნა პატრიარქმა.
დღეს მიტევების კვირაა, ხვალიდან დიდი მარხვა იწყება.