ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
„2011 წლის 26 მაისს რუსთაველზე მიტინგი რომ დაარბიეს და სოსო ჯაჭვლიანი დააპატიმრეს, მან შიმშილობა გამოაცხადა. რამდენიმე დღეში დასუსტდა და გაძლიერებული ბადრაგის თანხლებით რესპუბლიკურში გადაიყვანეს. ჯაჭვლიანს ისე იცავდნენ, გეგონება ტყეში გავარდნას აპირებდა ფირალად, პალატაში ჩიტიც ვერ შეფრინდებოდა.
მოვიდოდა გურამი, გაჩერდებოდა ბადრაგთან და ჰკითხავდა:
- მეგრელი ხარ, ბიჭო, შენ?
- დიახ, ბატონო გურამ.
- ჰგავხარ, ხო იცი!
სანამ დაბნეული ბადრაგი აზრზე მოვიდოდა, გურამ ფირხალავა უკვე სოსო ჯაჭვლიანის სასთუმალთან იჯდა და ამხნევებდა.
გამოვიდოდა პალატიდან, გაჩერდებოდა, დააკვირდებოდა ფორმიან ბადრაგს და ისევ ჰკითხავდა:
- ისევ მეგრელი ხარ, ბიჭო, შენ?
- დიახ, ბატონო გურამ.
- ჰგავხარ, ხო იცი!
გურამის ილეთი ყოველ ჯერზე ამართლებდა და ყოველდღე უპრობლემოდ შედიოდა „მომაკვდავ" ჯაჭვლიანთან", - წერს ზედელაშვილი.
18 თებერვალი გურამ ფირცხალავას დაბადების დღეა.
გურამ ფირცხალავა 1940 წლის 18 თებერვალს ფოთში დაიბადა. 1966 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი. 1966 წლიდან მუშაობდა გორის გ. ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში, შემდეგ კი თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. 1972 წლიდან გურამ ფირცხალავა კინოსტუდია „ქართული ფილმის" მსახიობი იყო. ფირცხალავა 71 ფილმშია გადაღებული.
გურამ ფირცხალავა 2014 წლის ივნისში გარდაიცვალა.