logo_geo
eng_logo
ვახტანგ ხარჩილავა: თვითმარქვია ჟურნალისტი აფგან მუხთარლი და მუხთალი ქართველები!
- +

19 თებერვალი. 2018. 00:39



აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლიმ, რომელიც გასულ კვირას ციხიდან 2 დღით, ოჯახის დაღუპული წევრების ორმოცზე დასასწრებად გაათავისუფლეს, „რუსთავი 2"-თან თქვა, რომ საქართველოდან მისი გატაცების უფლება ქართველ ძალოვანებს კვირიკაშვილმა მისცა და ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმაც იცოდა. მუხთარლის თქმით, მის გამტაცებლებს კრიმინალური პოლიციის ფორმა ეცვათ და ყველა მათგანი ქართველი იყო.


ჟურნალისტიო, კი ვთქვით მუხთარლიზე, მაგრამ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბატონი მუხთარლი ჟურნალისტი არ არის და არც არასოდეს ყოფილა, ხოლო პუბლიკაციები, რომლებსაც ის დროდადრო აქვეყნებდა, სულაც არ ეკუთვნის მის კალამს.


მუხთარლი ამტკიცებს, რომ ის კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს.


ისმის კითხვა: პირები, რომლებსაც მუხთარლის გატაცება წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი, ამ ოპერაციის განხორციელებისას რატომ ჩაიცვამდნენ მაინცდამაინც პოლიციის ფორმას და რატომ მისცემდნენ საბაბს გასატაცებლად გამზადებულ აფგანს, რომ ხელი პოლიციისთვის დაედო?


ამ ოპერაციის დამგეგმავები, თუ ის მართლაც დაიგეგმა, ნუთუ ისეთი წინდაუხედავები და სულელები იყვნენ, რომ კონსპირაციის ელემენტარული წესები არ იცოდნენ და მუხთარლის მოსატაცებლად ფორმებში გამოწკეპილ პოლიციელებს აგზავნიდნენ?


მუხთარლის მოკვლას და წყალში გადაგდებას ხომ არ უპირებდნენ - ქართველ პოლიციელებს ის თავიანთი აზერბაიჯანელი კოლეგებისთვის ცოცხალი და საღსალამათი უნდა გადაეცათ, ხოლო ეს ცოცხალი და საღსალამათი აფგანი ქართულმა კრიმინალურმა პოლიციამ დამიჭირაო, რომ იტყოდა, ხომ ცხადზე ცხადი იყო თავიდანვე?


რა გამოდის? - ქართული მხარე საკუთარ თავს უწყობდა პროვოკაციას და საკუთარი თავის წინააღმდეგ გამზადებულ სამხილს აჩეჩებდა ხელში პატივცემულ აფგანს?


კითხვა მეორე - როგორ მოხერხდა ის ამბავი, რომ საპატიმროდან ორი დღით გაშვებული აფგანი, რომელიც, ცხადია, ბადრაგის კონტროლქვეშ იმყოფებოდა, ოპერატიულად უკავშირდება „რუსთავი 2"-ს და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ინტერვიუს აძლევს მას.


ალბათ, მტკიცება არ სჭირდება იმას, რომ ამ ინტერვიუს მომზადება და ორგანიზება საკმაოდ დიდ სირთულეებთან იქნებოდა დაკავშირებული, თუმცა ეს სირთულეები წარმატებით გადაილახა და ინტერვიუ შედგა, რაც ეჭვს ბადებს, რომ, „რუსთავი 2"-ს რაღაც უჩინარი ძალები აქტიურად ეხმარებოდნენ აზერბაიჯანის მხრიდანაც.


საინტერესოა, ეს „რუსთავი 2" ტელეკომპანიაა თუ საერთაშორისო მასშტაბის საჯაშუშო-სადაზვერვო ორგანიზაცია, რომელსაც თითქმის ყველა ქვეყანაში აქვს გაშლილი თავისი სადაზვერვო-საჯაშუშო ქსელი.


მსგავსი ტიპის ინტერვიუები პირველი ხომ არ არის „რუსთავი 2"-ის პრაქტიკაში?

ისიც საკითხავია, რატომ ჰგავდა აფგან მუიხთარლის ინტერვიუს ტექსტი ასე ძალიან „რუსთავი 2"-ის ეთერში არაერთგზის გაჟღერებული განცხადებების ტექსტს?


აქედან, „რუსთავი 2"-დან, ხომ არ უკარნახეს მუხთარლის ეს დემაგოგიური და საქართველოსთვის მრავალმხრივ საზიანო ტექსტი?


სახუმარო ამბავი ნამდვილად არ არის, როცა აზერბაიჯანის მოქალაქე უმძიმეს დანაშაულში, ფაქტობრივად, ტერორისტული აქტის მომზადებაში დებს ბრალს მეზობელი ქვეყნის, საქართველოს, პრემიერ-მინისტრს, მის ძალოვან სტრუქტურებს და ამ ქვეყნის ერთ-ერთ გავლენიან პირს, ბიძინა ივანიშვილს.


არამარტო მსოფლიოს დემოკრატიული თანამეგობრობის თვალში უტეხს ეს ინტერვიუ საქართველოს სახელს, არამედ ის შეიძლება ორ მეზობელ და მეგობრულ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის გაფუჭების საბაბიც გახდეს.


ვინც ქართული სახელმწიფოსთვის მრავალმხრივ საზიანო და საზიფათო ამ ინტერვიუს გაუკეთა ორგანიზება, ის საქართველოს მტერია და თუ მტერია, რატომ არ ვთხოვთ პასუხს ისე, როგორც მტერს უნდა მოსთხოვო?


დავიღალეთ იმის მტკიცებით, რომ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიდის გააფთრებული საინფორმაციო ომი, რომელშიც ქართული მედიასაშუალებების ერთი ნაწილი აქტიურად არის ჩართული და ძირს უთხრის საკუთარი ქვეყნის სტაბილურობას და უსაფრთხოებას.


როგორც ჩანს, ვიღაც-ვიღაცებს ძალიან სურთ აზერბაიჯანში „არაბული გაზაფხულის" მსგავსი „აზერბაიჯანული გაზაფხული" მოიყვანოს და თანაც ამის გაკეთებას აზერბაიჯანის მეზობელი სახელმწიფოს, საქართველოს, ტერიტორიაზე არსებული ორგანიზაციების მეშვეობით აპირებს.


ამ ადამიანებმა თავიანთ სამშობლოში რაც უნდათ, ის აკეთონ, მაგრამ ჩვენი სამშობლოს პლაცდარმად გამოყენების უფლება, მათი ზრახვების და მიზნების განსახორციელებლად, არავის არ უნდა მიეცეს.


ერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა ამასწინათ ისიც კი თქვა, მიმართოს საქართველოს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, რომ აფგან მუხთარლი საქართველოს გადმოეცეს. ამით ჩვენ ქართული დემოკრატიის შელახულ რეპუტაციას აღვიდგენთ და საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობის თვალში კვლავ დავიბრუნებთ იმ სახელს, რომელიც აქამდე გვქონდაო.


აფგანის გადასარჩენად და ქართული დემოკრატიისთვის ნამუსის მოსაწმენდად ომიც ხომ არ გამოვუცხადოთ ამ ჩვენს მოძმე აზერბაიჯანს, ჰა?


ზემოთნახსენები იმ ქართველი პოლიტიკოსისა, დიდი ხანია, არაფერი გვიკვირს, მაგრამ გვიკვირს იმ ქართველების, რომლებიც აფგანს კი იცავენ, მაგრამ იცავენ საკუთარი სამშობლოს იმიჯის შელახვის ფასად და საკუთარ სახელმწიფოს ისეთ დანაშაულში სდებენ ბრალს, რომელიც გამოძიებით ჯერ არ დადგენილა, საერთოდ მოხდა თუ არა?


მივმართავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს - საქართველოს წინააღმდეგ დიდი საინფორმაციო ომია გამოცხადებული.

თავის დამშვიდება იმით, რომ ჩვენთან მედია თავისუფალია და ვისაც რა უნდა, ის თქვას, არა გვგონია, მართებული იყოს.

მედიის თავისუფლებასაც აქვს თავისი საზღვარი, რომლის გადალახვის შემდეგ ის შეიძლება თავისი ქვეყნის დამანგრეველ, დესტრუქციულ ძალად იქცეს.


ქართული მედია დღეს ზუსტად ამ ეტაპზეა...


იმოქმედეთ, ბატონო პრემიერო, სანამ გვიან არ არის!


ვახტანგ ხარჩილავა


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner