საქართველო-აშშ- ის ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და სენატორმა ჯეფ სეშენსმა ამერიკის შეერთებული შტატების სენატში გამართულ შეხვედრაზე.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და საქართველოს სუვერენიტეტის ერთ-ერთი უმთავრესი საერთაშორისო გარანტორია. ხაზი გაესვა წლების მანძილზე აშშ-ის მიერ გაწეული პოლიტიკური, ფინანსური, ჰუმანიტარული დახმარების მნიშვნელობას.
მხარეებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებზე და ნატო-ს ვარშავის სამიტის სამზადისზე იმსჯელეს. აღნიშნა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრება ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტია.
ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობის საკითხებზე. საუბარი შეეხო საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციას.
გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ჯეფ სეშენსს საქართველოს მხარდაჭერისა და პარტნიორული თანამშრომლობისთვის.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯეფ სეშენსმა პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობა შეაფასა. მისი განცხადებით, აშშ-ის და საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობა წარმატებით ვითარდება. მანვე პოზიტიური უწოდა იმ პროგრესს, რასაც საქართველომ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ეკონომიკის განვითარების კუთხით მიაღწია.