უფლებადამცველი მერაბ ბლადაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„საქართველოს პარლამენტს!
აჭარი ა/რ უმაღლეს საბჭოს!
ჩვენ, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, ვითვალისწინებთ რა მოქალაქეთა ინტერესებს და ქვეყნის განვითარების პერსპექტივას, ვეყრდნობით რა საქართველოს კონსტიტუციას და ევროპულ ქარტიას ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, რომელსაც საქართველო მიუერთდა 2005 წელს, ვითხოვთ, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შეიქმნას საკანონმდებლო პირობა, რათა ის ნამდვილად თვითმმართველ რეგიონად იქცეს.
ეს უპირველესად აღკვეთს მართვის, ნეპოტიზმზე დამყარებულ საკადრო პოლიტიკას, არაგონივრულად გაცხადებულ პრიორიტეტებს და, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული იყოს აჭარის მოსახლეობის და არა მისი დამნიშნავის წინაშე.
დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, რომელიც ოდესღაც გამოირჩეოდა სამრეწველო სიმძლავრეებით, გამაჯანსაღებელი, საგანმანათლებლო და აკადემიური დაწესებულებებით, ყვაოდა სოფლის მეურნეობა, ადგას დეგრადაციის გზას, რომელიც მაქსიმუმ რეგიონალურ-ტურისტულ ცენტრად ჩამოყალიბდება, აჭარის მოსახლეობის კი სერვის-პერსონალად. მოგახსენებთ, რომ მსგავსი აწმყო და მომავალი არ შეესაბამება აჭარის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების არც სუბკულტურულ თავისებურებებს, არც სურვილებს.
ზემოთ აღწერილი მოცემულობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი შემდეგშია; 1918 წლის 26 მაისიდან, დღიდან საქართველოს დამოუკიდებლობისა, უკვე 100 წელიწადია, აჭარაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არ ეძლევათ საშუალება, აირჩიონ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, პირდაპირი და თავისუფალი არჩევნების გზით.
წლების მანძილზე, აჭარის მოსახლეობა ხდება მოწმე იმისა, თუ როგორ უგულებელყოფენ მის წიაღში შობილ ნიჭიერ, ავტორიტეტულ, კომპეტენტურ კადრებს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ღირსებების, დამსახურების გამო, ადგილობრივი მოსახლეობის ხმათა უმრავლესობით უნდა ხდებოდეს ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე და არა „ბედმა გაუღიმას" პრინციპით, როგორც ახლა ხდება.
ასევე დაუშვებლად მიგვაჩნია ,რომ აჭარის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს პარალელურად. ვთვლით, რომ ამით აჭარის მოსახლეობის მთელი ყურადღება გადააქვს ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილების მიღებაზე, რასაც საპარლამენტო არჩევნები ჰქვია, რითაც აჭარის მოსახლეობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება მეორე პლანზე გადადის, რაც დაუშვებელია. აჭარის მოსახლეობამ უნდა იცოდეს - ვის აძლევს ხმას და რატომ. ბოლოს და ბოლოს, ეს დემოკრატიის უპირობო მოთხოვნაა და მაგალითი იმისა, თუ როგორ გაიზარდა თავად ქართული საზოგადოება.
ამიტომაც, დაჟინებით ვითხოვთ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ირჩეოდეს ღირსეული, რეგიონის მაჯისცემის მგრძნობი, კომპეტენტური ლიდერი და იგი აირჩიონ აჭარის ა/რ ტერიტორიაზე მცხოვრებმა, საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებმა.
და ბოლოს, ზემოთქმულის გათვალისწინებით, ვიწყებთ კამპანიას, რომლის საბოლოო მიზანი იქნება არჩევითი პირველი პირი, რათა სწორედ რომ მისი ხელმძღვანელობით, აჭარის ტერიტორიაზე საარჩევნო ხმის მიცემის უფლების მქონე საქართველოს მოსახლეობამ გამართოს უკომპრომისო ბრძოლა ჰუმანისტური ფასეულობებისთვის, ინდივიდუალური თავისუფლებისთვის, ეკონომიკური აყვავებისთვის და სოციალური სოლიდარობისათვის...
ვითხოვთ, შევიდეს შესაბამისი ცვლილება საქართველოს კონსტიტუციურ კანონში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ.
ასე ვხედავთ ჩვენ ამ პრობლემის გადაწყვეტას და ამიტომაც გვინდა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ჩაიწეროს შესაბამისი მუხლი", - წერს ბლადაძე.