გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. გიორგი კვირიკაშვილი ატლანტიკურ საბჭოს ეწვია და შეხვედრა გამართა ატლანტიკური საბჭოს წევრებთან და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან.
საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს.
განიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავს ქვეყანაში განხორციელებული პოზიტიური ცვლილებებით ხვდება, ხოლო უცვლელი რჩება ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი საგარეო პოლიტიკური კურსის მიმართ.
ისაუბრეს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე და ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრს დიდ პატივს სცემენ ამ ქალაქში მისი ხედვების გამო და იმის გამო, თუ როგორ აღიქვამს იგი პროცესებს", - განაცხადა ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტმა ფრედერიკ კემპემ.
მისივე თქმით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხი იყო. ფრედ კემპეს განმარტებით, საქართველო ელოდება დადებით შედეგს ნატო-ს ვარშავის სამიტზე. ასევე, საუბარი შეეხო 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს.
„დიდია ინტერესი, რომ საქართველო იყოს წარმატებული დემოკრატიის ქვეყანა და ის ფაქტი, რომ პრემიერი მოწოდებულია ხელი შეუწყოს დემოკრატიის განვითარებას, დადებითად აღიქმება აქ", - აღნიშნა ფრედერიკ კემპემ.