საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.
„მოცემული რთული პოლიტიკური ვითარებების მიუხედავად, საქართველომ მიაღწია ევროკავშირთან მიერთების მნიშვნელოვნად მაღალ დონეს. ასოცირების ხელშეკრულება ასახავს ქართველი ხალხის თავისუფალ და დემოკრატიულად გამოხატულ ნებას. ევროატლანტიკურ არჩევანს სრულად უჭერს მხარს ჩემი ქვეყნის ყველა პოლიტიკური ძალა, ეს არჩევანი აერთიანებს პოლიტიკური ელიტის მნიშვნელოვან უმრავლესობას. არსებული და მზარდი საგარეო ზეწოლის წინააღმდეგ ჩვენ მეტად უნდა გავაძლიეროთ ძალისხმევა რეფორმების გატარების მიმართულებით და ასოცირების შეთანხმების განხორციელებისთვის მაქსიმალური რესურსი გამოვიყენოთ, რათა შედეგად მივიღოთ მეტი სამუშაო ადგილი, ექპორტის ზრდა, სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარება და მეტი უცხოური ინვესტიცია ქვეყანაში.
ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ყველა მიმართულებით თანამშრომლობის თვისობრივად ახალ დონეზე გადაჰყავს, რაც დაეხმარება ჩემს ქვეყანას, გარდაიქმნას ჭეშმარიტ ევროპულ სახელმწიფოდ", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომა ბრიუსელში გაიმართა. მასში აღნიშნული კომიტეტის თანათავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს პარლამენტის ათკაციანი დელეგაცია მონაწილეობდა. კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, სახელმწიფო მინისტრები პაატა ზაქარეიშვილი და დავით ბაქრაძე.