logo_geo
eng_logo
„გვეუბნებოდნენ, ვითომ ბუტა ჩვენ მოვკალით!“ - რობაქიძის მეგობრის სკანდალური განცხადება!
- +

21 თებერვალი. 2018. 02:00


 

„მანამდე არ მოვისვენებთ, სანამ დამნაშავეები - დონაძე, მიქაძე და სხვები თავს ციხეში არ ამოყოფენ. ყველა ერთად ვიბრძოლებთ, რომ მათ პასუხი აგონ", - ამის შესახებ ბუტა რობაქიძის მეგობარმა და ე.წ. სპეცოპერაციისას დაკავებულმა, ირაკლი გველესიანმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას განაცხადა.


გადაცემის წამყვანის  შეკითხვაზე, რა არის ეს საქმე ბუტა რობაქიძის მეგობრებისთვის, რომლებიც ე.წ. სპეცოპერაციის დროს დააკავეს და როგორია მათი მოლოდინი, გველესიანმა აღნიშნა: „ეს საქმე მთელი ჩვენი ცხოვრებაა და სანამ საქმეს ბოლომდე არ მივიყვანთ, მანამდე ვერც ბუტას ოჯახი მოისვენებს და ვერც ჩვენ".


შეკითხვაზე, ვინ ხელმძღვანელობდა ე.წ. სპეცოპერაციას, ირაკლი გველესიანმა განაცხადა, რომ ყველაფერს გურამ დონაძე ხელმძღვანელობდა და იარაღის დაწყობა მისი უშუალო მითითებით ხდებოდა.


„ის ხელმძღვანელობდა, თუ ვისთვის რა იარაღი დაედოთ, სად დაეწყოთ, კამერით როგორ გადაეღოთ და ა.შ. პირადად ჩემთან მოიტანეს და დამიდეს პატარა პისტოლეტი, რევოლვერი. კამერა ზემოდან დამანათეს და ისე გადამიღეს. შემდეგ ეს პისტოლეტი მარცხენა მხარეს გადმოიტანეს, კამერა ისევ ზემოდან დამანათეს და გადამიღეს. ბუტასთანაც ავტომატი მიიტანეს და ისე გადაიღეს. დონაძე და მიქაძე ერთად დადიოდნენ და ამ ყველაფერს ერთად აკეთებდნენ. ყველაფერი მათი მითითებით ხდებოდა", - განაცხადა გველესიანმა.


მისი თქმით, განყოფილებაში მეგობრებს აიძულებდნენ, ბუტა რობაქიძის მკვლელობა ეღიარებინათ.


„გვეუბნებოდნენ, ვითომ ბუტა ჩვენ მოვკალით, რაც თავიდანვე უარვყავით. ამის გამო, სპეცრაზმმა ხელკეტებით გვცემა. ჩვენ სათითაოდ გავყავდით, გვკითხავდნენ და ამ ჩვენების მიცემას გვაიძულებდნენ. სანამ განყოფილებაში და ექსპერტიზაზე წაგვიყვანდნენ, სადღაც ნასვამობაზე შესამოწმებლად წაგვიყვანეს. მანამდე კი ადგილზე ჩვენი წიხლებით ცემა, იარაღის თავზე დადება და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიდიოდა. ბაშალეიშვილი, რომელიც თავზე მედგა, ნასვამი იყო. ამას მაშინვე მივხვდი, რადგან როცა მომიახლოვდა, ალკოჰოლის სუნი ჰქონდა", - განაცხადა ე.წ. სპეცოპერაციისას დაკავებულმა.


ირაკლი გველესიანმა ასევე აღნიშნა, რომ დონაძე და მიქაძე ტაქსისტებს აჩერებდნენ და სთხოვდნენ, მოწმეებად დამდგარიყვნენ.


„მათ ეუბნებოდნენ, ჩვენება მიეცათ, თითქოს, იარაღი გვქონდა, რომელიც სამართალდამცველებმა მართლა ამოიღეს", - განაცხადა ირაკლი გველესიანმა.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner