logo_geo
eng_logo
მიხეილ ჯანელიძე: ევროპაში გასულ წელს საქართველოდან თავშესაფრის მთხოვნელთა მხოლოდ 3% დააკმაყოფილეს...
- +

21 თებერვალი. 2018. 10:14


 

„სანამ ვიზალიბერალიზაციის პროცესი ამოქმედდებოდა, არსებობდა მოლოდინი, რომ კრიმინალის და თავშესაფრის მაძიებელთა ზრდა იქნებოდა. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს სტატისტიკა, ბოლო თვეების განმავლობაში არის მზარდი, თუმცა, ნამდვილად არ არის ისეთი, რომელმაც შეიძლება ამ ეტაპზე წარმოშვას შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საჭიროება", - ამის შესახებ გადაცემაში „პირისპირ" საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა. ამასთან, მან ევროკავშირის და საერთაშორისო ორგანიზაციების სტატისტიკას იშველიებს იმის დასტურად, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ დამოკიდებულება არ შეცვლილა.

 

„2009 წელს ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნას მთხოვნელთა 22 პროცენტს დაუკმაყოფილეს, 2010 წელს -11%-ს, 2012 წელს -12%-ს, 2016 წელს ეს იყო 4,8 პროცენტი, გასულ წელს კი მხოლოდ 3 პროცენტი დაკმაყოფილდა", - აცხადებს ჯანელიძე და აცხადებს, რომ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ეს მაჩვენებელი გაცილებით დაბალია. მაგალითად გერმანიაში - 2 პროცენტი, შვედეთში კი საერთოდაც არავის უკმაყოფილებენ.


„ეს სტატისტიკა აჩვენებს, თუ როგორ ვითარდება საქართველო და შესაბამისად, ევროკავშირის წევრი ქვეყნები აღიარებენ საქართველოში არსებულ თავისუფლებებს და იმას, რომ ჩვენთან ადამიანის უფლებები არის დაცული", - განმარტავს საგარეო უწყების ხელმძღვანელი.


რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროპაში ჩადენილ კრიმინალს, ჯანელიძე ამ შემთხვევაშიც სტატისტიკას მიმართავს.

 

„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეიტინგში, რომელიც  ქვეყნის საერთაშორისო პოზიციას ორგანიზებულ კრიმინალთან ბრძოლის კუთხით  აფასებს, 2011-2012 წლებთან შედარებით, 2017-2018 წლებში ჩვენ დავწინაურდით 29 ადგილით. ეს არის ის არგუმენტი, რომელიც კარგად აჩვენებს, თუ როგორ ვპროგრესირებთ და ვვითარდებით ყველა იმ ძირითად კომპონენტში, რომელზეც გვაბრალებენ, რომ თურმე უკან ვიხევთ", - განმარტავს ჯანელიძე.


საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედებასთან დაკავშირებული პრობლემა დღის წესრიგში ევროკომისიის დასკვნის შემდეგ დადგა.


ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებიდან 10 თვის შემდეგ საქართველომ პირველი გაფრთხილება მიიღო. მთავარ გამოწვევად თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდა დასახელდა.


2016 წელს თავშესაფრის მისაღებად განაცხადი 625-მა მოქალაქემ შეავსო, 2017 წელს კი მსურველთა რაოდენობა - 1570-მდე გაიზარდა. ქართველებისთვის ყველაზე სასურველ ქვეყნებს შორის შვედეთი და ისლანდია მოხვდა.


პრობლემად ისევ დასახელდა ორგანიზებულ დანაშაულში ქართველების მონაწილეობა. ქურდობა და ყაჩაღობა განსაკუთრებით ხშირია: საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, საბერძნეთსა და ესპანეთში. ამ ფონზე საქართველოს მთავრობა სანქციების გამკაცრებაზე დაფიქრდა. მთავრობის წევრები მოქალაქეებს ამ მონაპოვრის გაფრთხილებისკენ მოუწოდებენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner