პატარკაციშვილების ოჯახი ყოფილი ბიზნესპარტნიორის მიერ მითვისებულ ქონებას სასამართლოს გზით იბრუნებს. ლონდონის მართლმსაჯულების სამეფო სასამართლოს მოსამართლე პიტერ სმიტის გადაწყვეტილებით, სადავო ქონება მის ბენეფიციარ მფლობელს უბრუნდება. საქმე, რომელიც რამდენიმე მსხვილ ბიზნესზე დავას უკავშირდება, ლონდონის სასამართლოში 20 დღის განმავლობაში განიხილებოდა. ვრცელი სტატია ამ თემაზე გაზეთ ,,ალიაში" გამოქვეყნდა.
პატარკაციშვილების მფლობელობაში არსებული კომპანიების - „ბლუ ტროპიკ ლიმიტედის" და „კოპელა ვენჩერს ლიმიტედის" სახელით შეტანილი სარჩელით დავა მიმდინარეობდა რამდენიმე აქტივზე. საქმის განხილვისას გამოიკვეთა ჩხარტიშვილის მიერ ,,კოპელას" სახელით განხორციელებული კორუციული სქემები.
„კოპელას" შპს „გედეონისგან" და ზურაბ ალავიძისგან 900 000 აშშ დოლარად ნაყიდი ჰქონდა ქალაქ თბილისში, რუსთაველის 2/4 მდებარე უნივერმაღი, რომელიც 2007 წლის 17 აგვისტოს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით, გიორგი ქავთარაძემ (ვანო ჩხარტიშვილის იურისტმა) „კოპელას" სახელით გააფორმა. „კოპელამ" უნივერმაღი „მოვატ ჯორჯიას" 12 275 000 აშშ დოლარად მიჰყიდა. „მოვატ ჯორჯიამ" ეს ფული „კოპელას" ჩაურიცხა საქართველოს ფილიალის საბანკო ანგარიშზე, რომელიც „თიბისი ბანკში" იყო გახსნილი. 13 დღის შემდეგ, 2007 წლის 30 აგვისტოს, უნივერმაღის რეალიზაციიდან შემოსული თანხიდან, გიორგი ქავთარაძემ (იურისტმა) ვანო ჩხარტიშვილის დავალებით 10 მილიონი აშშ დოლარი „კოპელას" ანგარიშიდან „სონატა ალიანს ინკის" ანგარიშზე გადარიცხა.
2007 წლის 17 იანვარს, „კოპელამ" შეისყიდა ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანიის შპს „საქართველოს თამბაქოს წარმოების" 100%-იანი წილი ავთანდილ წერეთელისგან. 2007 წლის ბოლოს, ვანო ჩხარტიშვილის დავალებით, გიორგი ქავთარაძემ „კოპელას" სახელით განახორციელა წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც „კოპელამ" „საქართველოს თამბაქოს წარმოებაში" თავისი წილი 107 170 ლარად მიჰყიდა შპს „სონატა ალიანს ჯორჯიას". 2008 წლის 3 ივნისს შპს „სონატა ალიანს ჯორჯიამ" „საქართველოს თამბაქოს წარმოების" წილები მიჰყიდა „სმარტ გრუპს", რომლის 51%-ს ფლობს ჩხარტიშვილი, ხოლო 49%-ს მისი შვილი - მიხეილ ჩხარტიშვილი. მნიშვნელოვნად დაბალი ფასის მიუხედავად, 107 170 ლარის გადახდა არ მომხდარა.
2008 წლის 10 მარტამდე, „კოპელა" 66%-იან წილებს ფლობდა როგორც „პრომეტკოში", ასევე „ჯე-ეს-კოში". თითოეული ეს წილი შპს „სონატა ალიანს ჯორჯიაზე" 66 000 ლარად გაიყიდა. წილების გაყიდვა მოხდა მნიშვნელოვნად დაბალ ფასად და ამ თანხის გადახდაც არ მომხდარა.
2006 წლის 16 აგვისტოს გიორგი ქავთარაძემ „კოპელას" სახელით გააფორმა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც „კოპელამ" შპს „სონატა ალიანს ჯორჯიაზე" ზემოხსენებული უძრავი ქონება გაასხვისა ვანო ჩხარტიშვილის საკუთრებაში არსებულ კომპანია „მენეჯმენტ კონსალტინგზე", რომელმაც თავის მხრივ, ქონება მიჰყიდა „სმარტ გრუპს", სადაც იმ დროს 51%-ს ფლობდა ჩხარტიშვილი, ხოლო 49%-ს მისი შვილი - მიხეილ ჩხარტიშვილი. 2008 წლის 6 მარტს გიორგი ქავთარაძემ „კოპელას" სახელით გააფორმა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც „კოპელამ" ლილოში მდებარე მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებთან ერთად შპს „სონატა ალიანსს ჯორჯიაზე" 361 000 ლარად გაასხვისა. აქაც ქონების გაყიდვა მოხდა ძალიან დაბალ ფასად, ამ თანხების გადახდა არ მომხდარა!
ჩხარტიშვილი არ აპროტესტებს, რომ ზემოხსენებული გარიგებებიდან ზოგიერთი მართლაც განხორციელდა, მაგრამ სადავოდ ხდის მოსარჩელეების - ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის მიერ მითითებულ შედეგებს და მოთხოვნებს.
თუმცა მოსამართლის დასკვნაში ვკითხულობთ: „მთელი დოკუმენტაცია ადასტურებს, რომ ამ კომპანიების უკან არსებული აქტივები საბოლოო ჯამში ექვემდებარებოდა ოფშორულ ტრასტებს (კომპანია, რომელიც საშუამავლო ფუნქციებს ახორციელებს და ემყარება ნდობით ურთიერთობებს), რომელთა საბოლოო ბენეფიციარი მფლობელიც ბადრი პატარკაციშვილი იყო".