ავტორი მაია კახიძე
კომპოზიტორი, რომელსაც ხატვა უყვარს
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
შეუდარებელი პროფესიონალია ოთარ ტატიშვილი, მიყვარს და დიდ პატივს ვცემ. მისი შექმნილი ჰიტები ძალიან მომწონს, კლასიკაც, რა თქმა უნდა და ვფიქრობ, რომ სიცოცხლეშივე უნდა უთხრა ადამიანს მადლობა იმ კარგი შემოქმედებისთვის, მსმენელს და შემსრულებლებს რომ ჩუქნის. ერთი სიტყვით, მე კრიტიკოსი არ ვარ და ამიტომ მხოლოდ სიყვარულით და სიამაყით შემოვიფარგლები, იმიტომ, რომ ოთარი ჩემი გამორჩეული მეგობარია. უსაზღვროდ ნიჭიერ ადამიანს ფოტოგრაფიაც უყვარს და მე ოთარის გადაღებული არაერთი კარგი ფოტო მინახავს.
კარგი ფოტოს ამბავი არც ისე გასაკვირია, თუმცა, ხედვაც გამორჩეული რომ აქვს, ეს მომწონს სწორედ და კიდევ იმის თქმა მინდა, რომ ოთარ ტატიშვილი ის კომპოზიტორია, რომელიც საუცხოოდ ხატავს. არ ვიცი, როდის ასწრებს. ბევრჯერ ვუთხარი, გამოფენა მოვაწყოთ-მეთქი და ჯერ დუმს. ამიტომ, რამდენიმე მისი ნამუშევარი ჩუმად დავაკოპირე და აი, ისინიც. მე ასეთი თბილისი მიყვარს, სადაც უამრავი თბილი და ნიჭიერი ქართველი ცხოვრობს.
ოთარ ტატიშვილი მართლაც ასეთი თბილისელია და თბილისის ნაღდი შვილი!