თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებული მ.გ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 9 დეკემბერს, საღამოს საათებში, ქ.თბილისში დ.აღმაშენებლის ხეივანში არსებულ სახელოსნოში მ.გ.-მ ყოფილ მეუღლეს ხ.ს.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებულმა ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა.
სამართალდამცველებმა მ.გ. 2017 წლის 10 დეკემბერს ქ. თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მ.გ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.