logo_geo
eng_logo
ბაკურიანში პირველი საერთაშორისო შეჯიბრი წარმატებით დასრულდა
- +

22 თებერვალი. 2018. 14:29


16-17 თებერვალს ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით გამართული შეჯიბრი სკი კროსში წარმატებით ჩატარდა.


2010 წლიდან სკი კროსი ოლიმპიური სპორტის დისციპლინაა.


საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობა საქართველოს, ავსტრიის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, ყაზახეთის და ავსტრალიის მოთხილამურეებმა მიიღეს.


 სულ 25 სპორტსმენმა იასპარეზა.


საპატიო, საპრიზო ადგილები ავსტრიელმა და ავსტრალიელმა სპორტსმენებმა გაინაწილეს.  მოპოვებული ქულები მათ მსოფლიო თასის ეტაპებში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს.


ბაკურიანის შეჯიბრი უცხოელი დამკვირვებლების მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობდა. ფრანგი და გერმანელი სპეციალისტების კონსულტაციის შედეგად იქნა აშენებული სპეციალური, ხელოვნურად გათოვლიანებული ტრასაც. მკაცრად იყო დაცული უსაფრთხოების ის ზომები, რასაც საერთაშორისო სტანდარტი მოითხოვს.


საქართველოში პირველად ჩატარებულმა საერთაშორისო შეჯიბრმა უცხოელი სპეციალისტების დადებით შეფასება დაიმსახურა.


„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ორგანიზატორს, ვინს საქართველოს მხრიდან იყო ჩართული პროცესში. დიდი მადლობა სათხილამურო ფედერაციას, გაწეული შრომისთვის, მათთან თანამშრომლობა ძალიან სასიამოვნო იყო. ყველა ეჭვი, რომელიც შეჯიბრებამდე არსებობდა იმის შესახებ, თუ რამდენად მზადაა ბაკურიანი საერთაშორისო კლასის შეჯიბრის ჩასატარებლად, ახლა უკვე გამქრალია, რადგან ეს ორდღიანი ტურნირი წარმატებით დასრულდა. მიიღეთ ჩემი მილოცვები და კომპლიმენტები", - განაცხადა FIS-ის ტექნიკურმა დელეგატმა, რაინჰალდ რუდოლფ კრამპფელმა დაჯილდოების ცერემონიის დასრულებისას.  


სკი კროსის შეჯიბრის ბაკურიანში ჩატარება წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოში 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად. აპლიკანტი ქვეყნების რეგისტრაცია 31 მარტამდე მინდინარეობს. სწორედ მარტის ბოლოს გახდება ცნობილი, რომელი ქვეყნები გაუწევს  საქართველოს კონკურენციას. 


სკი კროსის შეჯიბრი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა. შეჯიბრის პარტნიორი იყო კომპანია „სილქნეტი", რომელიც 2008 წლიდან ფედერაციის გენერალური სპონსორია.


სრული შედეგები შეგიძლიათ იხილოთ: www.fis-ski.com



 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner