22 თებერვალს პოეტ მიხეილ ქვლივიძის დაბადების დღეა. ქართველი პოეტი, ლიტერატორი და მთარგმნელი მიხეილ ქვლივიძე 1925 წელს თბილისში დაიბადა.
პოეტის მამა იყო ქართველი ინჟინერი გიორგი ქვლივიძე, რომელსაც განათლება პეტერბურგში ჰქონდა მიღებული. დედა - თამარ ჯინჭარაძე დიასახლისი გახლდათ.
1941 წელს მიხეილ ქვლივიძემ სკოლა წარჩინებით დაამთავრა და იმავე ზაფხულს თბილისის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.
პოეტის ცხოვრებასა და მოღვაწეობაში მნიშვნელოვანი ადგილი კინოს ეკავა. 1962 წლიდან იგი კინოსტუდია „ქართული ფილმის"' სასცენარო საბჭოს წევრი იყო. 1965 წელს, მან მთავარი როლი შეასრულა რეჟისორ გიჟიმყრელის მოკლემეტრაჟიან ფილმში „გრიბოედოვის საჩუქარი". იგი რუსულ ენაზე თარგმნიდა და ახმოვანებდა ქართულ ფილმებს. მისი თარგმანითაა ცნობილი თ. აბულაძის ფილმები: „ნატვრის ხე" და „მონანიება", თ.ბაბლუანის „უძინართა მზე", ნანა ჯანელიძის „იავნანა" და მრავალი სხვა.
1992-1995 წლებში მიხეილ ქვლივიძე კითხულობდა ლექციებს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კულტურის უნივერსიტეტში.
1995 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. 1998 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. 2001 წელს პოეტს გადაეცა საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის პრემია პუბლიცისტურ-პოეტური ქმნილებებისათვის. იგი ხშირად და სიამოვნებით მართავდა შეხვედრებს მკითხველებთან, კითხულობდა ლექციებს.
მიხიელ ქვლივიძე გარდაიცვალა 2005 წლის 20 ივლისს. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.
ავტოპორტრეტი
განაბულ თვალებში - ფოცხვერის სიფიცხე,
ცხრა სიტყვის დათმობა ერთ საქმის გულისთვის...
მიცნობდეთ: პოეტი მიხეილ ქვლივიძე
„კეთილი განზრახვის ავანტიურისტი!"
მიხვდით ამ გამოთქმის იდუმალ შინაარსს?
ხომ არ გეუცხოვათ სიტყვების ჯავარი?
სიტყვებს ნუ ენდობით... მთავარი ისაა,
რომ სიტყვა კი არა, საქმეა მთავარი!
საქმეა - ცხოვრების თარგი და ხარისხი
და ჩემი ცხოვრების ეშხი და ღვიძლია,
და სიტყვით კი არა, მე საქმით აგიხსნით
ყველაფერს, რაც ვიცი და რაც შემიძლია!...
ვიცი უმიზეზოდ დანაღვლიანება,
მაგრამ აფეთქებაც ვიცი უეცარი,
ხან თვინიერი ვარ, ხან გიჟი, თავნება,
ხან ბრძენი, ხანაც კი - ყოვლად უმეცარი.
გინდათ, ეს ცხოვრება ვაქციო არაკად,
ქვეყანა ზღაპრული ფერებით დავხატო,
ლამაზი საცოლე წავართვა არაკაცს
და კაცი ბედნიერ მეუღლედ გავხადო?!
გინდათ, იმ ხეიბარს, ძლივს რომ დაჩანჩალებს,
ხვალ დავაპყრობინო თეთნულდის მწვერვალი?
გინდათ, გავუჯიბრო თვით ვანო მაჩაბელს
ვინმე ახალგაზრდა უცნობი მწერალი?
გინდათ, ოქრო-ვერცხლით გავავსო ქოხები,
ქურდებს ნაქურდალი წავართვა ქონება?..
თქვენ მხოლოდ მერწმუნეთ,
მენდეთ და მომყევით
და მართლა ზღაპრული გახდება ცხოვრება!
მე ზოგჯერ მგონია (რა ჩემი ბრალია,
კეთილი განზრახვა ვის უნდა ეწყინოს?!),
ორსული ცხოვრების ბებიაქალი ვარ
და მინდა, ლამაზი შვილი შეეძინოს!...
რა დროს ლექსებია! რა დროს ლაქლაქია,
როს თავზე გვექცევა დამპალი ყავარი?!
დღეს კაცი ფასდება მარტოდენ საქმით და საქმეა,
საქმეა,
საქმეა მთავარი!..
ვაგლახ, რა მოკლეა წუთისოფელი,
არ ჰყოფნის მას ჩემი ნიჭი და სიფიცხე...
მიცნობდეთ: ასე ვთქვათ, კეთილისმყოფელი
„ავანტიურისტი" მიხეილ ქვლივიძე!.
გთავაზობთ ხატია სულაბერიძის მიერ წაკითხულ ლექსს: