„შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე რაგბის კავშირის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა. მრჩეველთა საბჭო რაგბის კავშირის ინიციატივით ახლახან ჩამოყალიბდა და მსგავს შეხვედრებს პერიოდულად გამართავს.
მრჩეველთა საბჭოს შექმნის მიზანი გარეშე პირებისგან ახალი იდეებისა და მოსაზრებების მოზიდვა, მათი განხილვა და განხორციელებაა. თუმცა ეს წრე არ წარმოადგენს გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოს.
„მრჩეველთა საბჭო ჩვენი სპონსორების წარმომადგენლებისგან, გულშემატკივრებისგან, აქტიური მეგობრებისგან და სხვა შესაბამისი ინტელექტის მქონე კრეატიული ადამიანებისგან შედგება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მრჩეველთა საბჭო არ იღებს გადაწყვეტილებებს, ეს არის უბრალოდ სათათბირო საბჭო. აბსოლუტურად ყველა საკითხზე, რაც რაგბის უკავშირდება - ეს იქნება ორგანიზაციული საკითხები თუ სპორტული საკითხები, მოვისმენთ მოსაზრებებს, ვისაუბრებთ სხვადასხვა საკითხებზე რაგბის მომავალი განვითარების კუთხით", - აღნიშნავს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე.
საბჭოს ამჟამინდელი წევრები არიან კომპანია „ნატახტარის" მარკეტინგის მენეჯერი თორნიკე ნიკოლაიშვილი, „თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი ჯაფარიძე, კომპანია „სილქროუდის" წარმომადგენელი კაკი რამიშვილი და სხვა პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები.
არსებული წრე დახურული არ არის და დამატებითი წევრების არჩევა მოხდება ინდივიდუალური შერჩევის პრინციპით.
რაგბის კავშირის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა 19 მაისს იგეგმება.
შეგახსენებთ, საქართველოს რაგბის კავშირსა და კომპანია „ნატახტარს" შორის სასპონსორო ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, საქართველოს რაგბის კავშირი კომპანიისგან რაგბის განვითარებისათვის, ჯამში 1 მილიონ ლარს მიიღებს. ამით კომპანია „ნატახტარი", რვა წლის თანამშრომლობასა და მხარდაჭერას კიდევ ოთხი წლით გაახანგრძლივებს. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს 2019 წლის მსოფლიო თასზე „ბორჯღალოსნებისთვის" პრემიალური ანაზღაურების გამოყოფას, დამატებით 150 ათასი ლარის ოდენობით. შეგახსენებთ, რომ კომპანია ქართული რაგბის სპონსორი 2008 წლიდანაა. კომპანია „ნატახტარი"ქართული სპორტის განვითარების ხელშეწყობას სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით ერთ-ერთ პრიორიტეტად ასახელებს.