მსახიობმა სალომე ფაღავამ რამდენიმე ხნის წინ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული წერილით გამოიწვია ხმაური. მან ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის წინააღმდეგ საკუთარი მოსაზრება დაწერა, რასაც მოჰყვა როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი კომენტარები. თუ რატომ გადაწყვიტა, ასეთი ხმაურიანი პოსტის დაწერა, ამის შესახებ ის „სარკესთან" ყვება.
„ეს იყო ერთგვარი პროტესტი ჩემი მხრიდან. პირველ რიგში, კითხვა მაქვს იმ ადამიანებთან, რომლებიც ასე მონდომებით იღვწიან ფაქტობრივი ლეგალიზაციისთვის: ამით რას გვინდა მივაღწიოთ? გასული საუკუნის 90-იან წლებში არ გავიარეთ ის დრო, როცა „ბირჟაზე" 10-15 ბიჭი იკეთებდა წამალს, რადგან ხელმისაწვდომი იყო? ხომ ვთანხმდებით, რომ ის თაობა წამალმა შეიწირა?
ვერც ერთ ადამიანს დამისახელებთ, რომელიც „პლანის" მუდმივი მომხმარებელია, ანუ „ქეშია" და სხვა ნარკოტიკზე არ გადასულა, აქ არ ვგულისხმობ მაინცდამაინც „ჰეროინს", საუბარია ათასგვარ ტაბლეტზე.
ბევრ ადამიანს ვიცნობ, რომლებიც ამ ჩვევამ შეაწუხა, ფსიქიკური მდგომარეობა დაუმძიმა, ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელი შეუშალა. ბევრმა დაანება თავი, ამბობენ, „გამარეკინა", ვეღარ ვმუშაობდიო და ა.შ.
კომენტარებში მწერდნენ, თუ იცი, რა განსხვავებაა დეკრიმინალიზაციასა და ლეგალიზაციას შორისო. განსხვავება რომ ვიცი, ამიტომ ვამბობ: დეკრიმინალიზაციიდან ლეგალიზაციამდე ერთი ნაბიჯია! დადგება დრო, თან ძალიან მალე, როცა ეს ადამიანები ვერ დაკმაყოფილდებიან არსებული „დოზით" და მოგვთხოვენ ყველანაირ ნარკოტიკზე ლეგალიზაციას", - განაცხადა სალომე ფაღავამ.