თბილისის საქალაქო სასამართლომ თემქაზე ახალგაზრდა გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საქმის პროკურორის, გრიგოლ ბიბილაშვილის განცხადებით, გარდაცვლილს თავისა და კისრის არეში დანით 7 ჭრილობა აქვს მიყენებული.
ბიბილაშვილმა გუშინდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ბრალდებულმა ლადო გრიგალაშვილმა, რომელსაც მოკლულთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა, გოგონა შურისძიების მოტივით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
„ანა ნაცვლიშვილის ცხედარი ყელგამოღადრული ესვენა. მას 7 სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა, ამოღებულია ლადო გრიგალაშვილის ავტოფარეხიდან. დანაშაულის ჩადენის შემდეგ მან დატოვა შემთხვევის ადგილი და ფაქტობრივად მიიმალა - ტანსაცმელი გამოიცვალა, გადამალა დანაშაულის იარაღი და ალიბის შექმნის მიზნით, თითქოსდა ანა ნაცვლიშვილი არ პასუხობდა სოციალურ ქსელში და ტელეფონზე, სახლში მივიდა გარდაცვლილთან და მეგობრებთან ერთად თითქოსდა ძებნა დაუწყო", - განაცხადა გრიგოლ ბიბილაშვილმა.
თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს, გამთენიისას მოკლული იპოვეს. იმავე დღეს მისი მკვლელობის ბრალდებით, გარდაცვლილის შეყვარებული ლადო გრიგალაშვილი დააკავეს.