გასულ კვირას, კიდევ ერთი აღიარება მოისმინა საზოგადოებამ. პოლიციის მაღალჩინოსანმა, საჯაროდ, ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს, განაცხადა, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის დღეს, დაკავებულებს იარაღი არ ჰქონდათ და მკვლელობის შემდეგ იქნა შემთხვევის ადგილზე მიტანილი. ეს არის რიგით მეორე ჩვენება, სადაც გარკვევით ითქვა ის, რაც ისედაც იცოდა საზოგადოებამ. საზოგადოებამ ისიც იცის, რომ მკვლელობის დაფარვის საქმეში სხვებთან ერთად ლომის წილი გურამ დონაძეზე, ვანო მერაბიშვილის პრეს-სამსახურის უფროსზე მოდის.
საზოგადოებამ ყველაფერი იცის, მაგრამ გამოძიება მიუხედავად ყველაფრისა მაინც ერთ ადგილს ტკეპნის უკვე რახანია: ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე, საზოგადოებრივი მღელვარების შემდეგ, მხოლოდ პატრულის თანამშრომელი გრიგოლ ბაშალეიშვილი გაასამართლეს. მას 2006 წელს, რობაქიძის გაუფრთხილებელი მკვლელობისთვის 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მიუხედავად იმისა, რომ პროცესზე თავად ბაშალეიშვილმაც აღიარა, რომ ბუტა რობაქიძეს და მის მეგობრებს იარაღი არ ჰქონიათ, სასამართლომ ეს მხედველობაში არ მიიღო. 2012 წლის დეკემბრამდე ამ საქმეზე ბრალდებულებად ბუტა რობაქიძის მეგობრები ითვლებოდნენ, გახმაურებული მკვლელობისა და შემდეგ დანაშაულის დაფარვის საქმეში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ ჩართული. ეს მძიმე დანაშაული ვარდების რევოლუციიდან ერთი წლის თავზე, 2004 წლის 24 ნოემბერს მოხდა. მეორე დღეს, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაცემა „პატრულმა", რომელსაც შსს-ს პრესსამსახურის მაშინდელი უფროსი გურამ დონაძე ხელმძღვანელობდა, გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს პოლიციამ კარგად შეიარაღებული ყაჩაღური ჯგუფის დევნის ოპერაცია განახორციელა და წინააღმდეგობის გაწევის მომენტში ერთ-ერთი დამნაშავე მოკლა. ამ ვერსიის გასამყარებლად გადაცემაში აჩვენეს ავტომატები და ხელყუმბარები, მათ შორის რობაქიძის გვამთან. დღეს მთავარი პროკურატურა აცხადებს, რომ პოლიციისა და პროკურატურის მაღალჩინოსნებმა ახლადშექმნილი „პატრულის იმიჯის" გადასარჩენად, შემთხვევის ადგილზე იარაღი მიიტანეს და მტკიცებულებები გააყალბეს. პროკურატურის ინფორმაციით, ამ დანაშაულში მონაწილეობდა გურამ დონაძეც, რომელსაც ხელს რამდენიმე ადამიანი ადებს. მათ შორის, ყოფილი გამომძიებელი შალვა ნიქაბაძე. ასევე, ბუტა რობაქიძის მეგობრებიც, რომლებიც იმ საბედისწერო ღამეს დააკავეს.
პროკურატურის ინფორმაციით, გურამ დონაძის გარდა, მტკიცებულებების გაყალბებასა და დანაშაულის დაფარვაში ასევე მონაწილეობდა პოლიციის მინიმუმ ექვსი მაღალჩინოსანი. მათ შორის საპატრულო პოლიციის მაშინდელი უფროსი ზურაბ მიქაძე. პროკურატურამ იგი ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში დააკავა, თუმცა, სასამართლომ 16 ათასი ლარის ოდენობის გირაოთი გაათავისუფლა.
წლების წინ, დააკავეს თურქეთიდან დაბრუნებული გურამ დონაძეც, რომელიც არჩევნებამდე ტელეკომპანია „რეალ ტვ"-ს ხელმძღვანელობდა. დონაძე ბრალდებებს უარყოფს. თავის დროზე, იგი საერთოდ ამბობდა, რომ რობაქიძის მკვლელობის დროს საქართველოში არც კი იმყოფებოდა. სასამართლომ მას 25 ათასიანი გირაო შეუფარდა. იგივე განმეორდა პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნების: ირაკლი ფირცხალავას, ალექსანდრე გვაზავასა და დავით იაშვილის მიმართაც. ეს ეჭვმიტანილები მოსამართლემ 15-ათასლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გურამ დონაძე ზეწოლას ახდენს მოწმეებზე, მათ შორის გადაცემა „პატრულის" ყოფილ თანამშრომელ გოჩა მუკბანიანზე. ეს ადამიანიც ხელს დონაძეს ადებს და აცხადებს, რომ გამოძიების საწყის ეტაპზე, ცრუ ჩვენების მიცემა დონაძემ აიძულა. რამდენიმე დღის წინ, ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ზაზა ბაქრაძემ გურამ დონაძე და ზურაბ მიქაძე შანტაჟში დაადანაშაულა - „ფირი, რომელიც ტრიალებს ამდენი ხნის განმავლობაში, აბსურდულია. ეს ფირი არის მონტაჟი. ალბათ აინტერესებს საზოგადოებას, თუ სად არის ნამდვილი ფირი. მე გეტყვით, სად არის. ეს ფირი აქვს გურამ დონაძეს. მე ამ ფირით მთელი რვა თვის განმავლობაში განვიცდი შანტაჟს და ზეწოლას. შანტაჟი ხორციელდება როგორც ჩემი შვილის მიმართ, ისე ადვოკატზე. გურამ დონაძე მიდის მათთან და მითვლის მე, რომ თუ არ ვიქნები ჩუმად, თუ არ მოვიცდი, მანამ ისინი დაადასტურებენ, რომ შემთხვევის ადგილზე იყო იარაღები, ამის შემდეგ მივცემ „სკაიპით" ჩვენებას, რომ შემთხვევის ადგილზე იყო იარაღები, თუ ასე არ გავაკეთებ, მითვლის, რომ მას აქვს ფირი, სადაც ვჩანვარ მე, სხვა ხელმძღვანელი მუშაკები და ამ ფირს გამოაჩენს. მე არაფერი მაქვს დასამალი, აქედან ვუთვლი გურამ დონაძესაც და საზოგადოებასაც. მე ჩადენილი მაქვს დანაშაული".
2013 წლის დასაწყისში დონაძემ ახალი ზღაპარი მოიგონა, ბუტას მკვლელობის ჩანაწერი კიდევ გააყალბა და ირაკლი ფირცხალავას „გაახმოვანებინა", შემდეგ ბრიფინგზე ჩვეული გაიძვერობით განაცხადა: მე დღეიდან მკვლელი არ ვარ და ეს დავამტკიცე, - მტკიცებულებად კი ჩუღურეთის პოლიციის ყოფილი უფროსის ირაკლი ფირცხალავას მიერ გავრცელებული კადრები „აღიქვა", როგორც დონაძემ აღნიშნა, ეს კადრები მას აქამდე ნანახი არ ჰქონდა და გავრცელებული კადრებით გაოცებულია. - „გარკვეულმა ჯგუფებმა პოლიტიკურ ჭრილში აღნიშნული ვიდეომასალა გადაამონტაჟეს და გავრცელდა ინტერშუმიანი მასალა, ისე როგორც უნდოდათ. ვახო კომახიძემ გაავრცელა მსგავსი სიყალბე, რამაც საზოგადოება შეიყვანა შეცდომაში, რაც ჩვენ ვნახეთ, საოცრება იყო. არასოდეს ბუტა რობაქიძის ოჯახისთვის პასუხი არ გამიცია იმ ბრალდებებზე, რომელსაც ისინი 9 წლის განმავლობაში მიყენებდნენ, იმიტომ არ ვცემდი პასუხს, რომ მესმოდა მათი ტრაგედია. მე დღეიდან მკვლელი არ ვარ და ეს დავამტკიცე. დღეს ამ საქმეს ფარდა აეხადა". მისი თქმით, შემთხვევის ადგილზე გადაღებული სრული ვიდეომასალა მას ნანახი არ ჰქონდა, მხოლოდ ჟურნალისტ გოჩა მუკბანიანის მიერ დამონტაჟებული მასალა ჰქონდა ნანახი. რასაკვირველია, დონაძე მაშინაც ტყუოდა და ახლაც ტყუის. ჩვეული უტიფრობით ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. ზოგადად, ნაცმაცუნებს დიდი იმედი აქვთ, რომ დრო და სიჩუმე საზოგადოებას და კონკრეტულ დაზარალებულ ადამიანებს, ყველა მათ მიერ მიყენებულ ჭრილობას მოუშუშებს. ცნობილია, რომ სისხლის მოყვარული დონაძე არაერთ უდანაშაულო „კრიმინალის" ლიკვიდაციას ესწრებოდა. ანუ, თანამონაწილე გახლდათ განსაკუთრებით მძიმე არაერთ დანაშაულში, მაგრამ სამწუხაროდ, დღესაც თავისუფლად დადის და შანტაჟის, პროვოკაციის საშუალებით ცდილობს აიცილოს უმძიმესი პასუხისმგებლობა. გაუმართლა და მართლაც საოცრებათა ქვეყანაში ცხოვრობს, სადაც ყველამ ყველაფერი იცის თუმცა, პროკურატურა კუს ნაბიჯებით მიიწევს წინ, ხოლო სასამართლო „ვიღაცის" დავალებით გირაოთი ათავისუფლებს მკვლელებს, რომლებიც არაერთ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ჯგუფურად მონაწილეობენ. ბუტას მკვლელობიდან თოთხმეტი წელი გავიდა. თოთხმეტი წლის შემდეგ ნაცხროვა კიდევ ბედავს და ბუტას დედას სასამართლო პროცესებზე ამწარებს. ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე, ია მეტრეველის დაკითხვისას გურამ დონაძემ დასვა კითხვა - „ქალბატონო ია, დაკითხვის დაწყებამდე თქვენ განაცხადეთ, რომ ოჯახი გაგინადგურეთ და აღარ გყავთ. თუ შეიძლება გვითხარით, რას ნიშნავს ეს". ამ კითხვას ია მეტრეველის ემოციური რეაქცია მოჰყვა და იგი შეუძლოდ გახდა.
„ამ ყველაფერში სააკაშვილია თავი და თავი. მან უთხრა პოლიციელებს, ხელი არ აგიკანკალდეთ, ესროლეთო. 160 ბიჭი დახვრიტეს ქუჩაში. 10 წელი ვიბრძოდი, რომ ეს ჯალათები შემეჩერებინა. თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ, თქვენს შვილებს რა ცოდვას უტოვებთ. ისეთი შვილი მომიკალით, აუცილებლად გადავა ეს ცოდვა თქვენს მოდგმაზე", - მიმართა ია მეტრეველმა ბრალდებულებს. უბედურებაა ისიც, რომ ნაცხროვის ეგრეთ წოდებულ მკვლელ სამართალდამცავების უმეტესობას ჰყავთ ოჯახები, მშობლები, შვილები, და-ძმები, რომლებსაც სულაც არ აწუხებთ, რომ მკვლელის, ჯალათის, გარეწრის, არაკაცის ოჯახის წევრები არიან. თუმცა, მალე დადგება ნანატრი დრო და რიგი გარემოებიდან გამომდინარე, ნაცხროვის „საერთო მამა" მათ სამაგალითოდ გაწირავს და ისეთივე პროვოცირებით და შანტაჟით დაადუმებს, როგორც ნაცგარეწრები ცდილობენ მოწმეების და დაზარალებულების დადუმებას.
ქეთევან ზარნაძე