logo_geo
eng_logo
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი განცხადებას ავრცელებს
- +

26 აპრილი. 2016. 15:10


„საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია დადებითად და ბაღისათვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს ბაღის ტერიტორიის საერთო ფართობის უცვლელად, საზღვრების კორექტირებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას", - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციაში განმარტავენ, აღნიშული გადაწყვეტილება ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის მიერ ინიცირებული ხანგრძლივი კონსულტაციის შედეგად იქნა მიღებული.


 

„ფართის კორექტირებით ბოტანიკურ ბაღს სამხრეთ- დასავლეთ ნაწილში აქამდე გამოუყენებელი, აუთვისებელი ქვა-ღორღოვანი განაპირა ფერდობის სანაცვლოდ, შემოუერთდა მისი განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ვაკე-ტერიტორია თაბორის მთაზე.

 

 

აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე გაშენებულია ხეხილოვან მცენარეთა კოლექცია, მიმდებარე ტერიტორიას ბაღის თემატური განვითარებისათვის დიდი პოტენციალი გააჩნია. გარდა ამისა, შემოერთებული ტერიტორიით ბოტანიკური ბაღი უშუალოდ დაუკავშრდება კრწანისი-შინდისის ახალ გზას, რის შედეგადაც ბაღში გაჩნდება ახალი ალტერნატიული შესასვლელი. ასევე, თაბორის მთაზე მოეწყობა ახალი ტურისტული მარშრუტი. რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება ქალაქისა და ბოტანიკური ბაღის საუცხოო ხედების დათვალიერება.

 

 

აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ფართის კორექტირებით ბოტანიკურმა ბაღმა შემოიერთა მცენარეთა კოლექციის გაზრდისათვის ხელსაყრელი, ნაყოფიერი და საპარკე ნაწილის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ტერიტორია, რომელიც ხელს შეუწყობს ბაღის მიზნებისა და ამოცანების ეფექტურ განხორციელებას.

 

 

ვთხოვთ ჩვენს თანამოქალაქეებს, საკითხის შეუსწავლელად, ზედაპირულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ნუ გამოიტანენ დასკვნებს, რათა ამ საკითხის პოლიტიკური ინტერპრეტირებით და თემის ხელოვნური აქტუალიზაციით არ დაზარალდეს თბილისის ბოტანიკური ბაღის ინტერესები და განვითარების პერსპექტივა.

 

 

ნებისმიერ მხარეს განცხადების გაკეთებამდე ჩვენთვის რომ მოემართა, ავუხსნიდით, რომ ბოტანიკური ბაღისთვის ეს გაცვლა ძალიან მომგებიანი და სასარგებლოა, რაც ტერიტორიების უბრალო დათვალიერებითაც კი ნათელად ჩანს.

 

 

მივმართავთ ყველა მოქალაქეს, თბილისის მოსახლეობას, ვისთვისაც ბოტანიკური ბაღის ბედი სულერთი არ არის - წინასწარი დასკვნების გამოტანამდე ეწვიეთ თბილისის ბოტანიკურ ბაღს, საკუთარი თვალით იხილეთ გაცვლილი ტერიტორიები და თავად დარწმუნდებით, რომ ამ ტერიტორიების გაცვლა ბოტანიკური ბაღის განვითარებისთვის მომგებიანი და ძალიან სასარგებლოა", - ნათქვამია განცხადებაში.



„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები და ბოტანიკური ბაღის დირექტორი თამაზ დარჩიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.



მათ შორის შელაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბოტანიკურ ბაღთან „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, ნიკა მელია და ირაკლი აბესაძე მივიდნენ და ბაღის გარკვეული ტერიტორიის გასხვისების საკითხთან დაკავშირებით მათ მიერ გაცემულ წერილზე პასუხი მოსთხოვეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner