ამ თემაზე კვლევა ჩატარდა 134 პაციენტის მონაწილეობით, რომელთაც თავისა და კისრის სხვადასხვა ტიპის ონკოლოგიური დაავადება აღენიშნებოდათ.
მეცნიერებმა დეპრესიასა და სიმსივნით გარდაცვალების მაღალ რისკს შორის პირდაპირი კავშირი დაადგინეს. როგორც ისინი აცხადებენ, დეპრესია ხშირად უვითარდებათ იმ პაციენტებს, რომლებსაც ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. არადა, სწორედ, ფსიქოლოგიური ფაქტორი ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს მძიმე სენთან ბრძოლაში.
მკვლევარების აზრით, დეპრესიაში მყოფი ადამიანები ძნელად ამბობენ უარს მავნე ჩვევებზე, რაც, თავის მხრივ, აქვეითებს მკურნალობის ეფექტურობას. გარდა ამისა, დეპრესიული მდგომარეობის გამო პაციენტებს ცუდად სძინავთ და ავიწყდებათ საჭირო მედიკამენტების მიღება.
საბოლოოდ გაირკვა, რომ დეპრესიაში მყოფნი უფრო ხშირად იღუპებოდნენ სიმსივნური პათოლოგიით. თანაც აღნიშნული მაჩვენებელი არ იყო დამოკიდებული პაციენტის ასაკზე.