„ყოფილი პოლიტპატიმარი ლერი დონაძე გარდაიცვალა..." - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ირაკლი შონია ავრცელებს:
„ცოტა ვინმე თუ შემხვედრია მისნაირი ღირსეული და პატიოსანი ადამიანი! ზვიად გამსახურდიას უერთგულესი მომხრე და თანამებრძოლი... მისთვის მრავალწლიანი პატიმრობა ზვიადის ერთგულების გამო დიდი პატივი იყო, იმ უმძიმეს წლებში... ციხის ეზოში, ციხის ადმინისტრაციის დასანახად, ხელში ეკავა გაზეთი „იბერია-სპექტრი" ისე, რომ გაზეთის პირველ გვერდზე დაბეჭდილი ზვიადის ფოტო ყველას დაენახა... ციხიდან გათავისუფლების შემდეგ იხილა გაპარტახებული საქართველო, თუმცა პატარა ბიჭივით ეროვნული დროშით დადიოდა მრგვალი მაგიდის მიტინგებზე, სადაც პოლიციას კვლავ არაერთგზის დაუკავებია... დევნას და რეპრესიებს თან ერთვოდა მისი ოჯახური პირადი ტრაგედიები, შვილის შემზარავი მკვლელობა, მეუღლის ნაადრევი გარდაცვალება...
ბოლო პერიოდში ხშირად დადიოდა აღმაშენებელზე, მოსწონდა ამ უბანში ხეტიალი, შეიძლება რაიმე ძველ მოგონებებს აღძრავდა მასში. სწორედ ამ უბანში ვნახე სულ ცოტა ხნის წინ, შევეხუმრე ისევ ისეთი ბიჭი დარჩით, არ იცვლებით-მეთქი... გაეღიმა... ბევრი ვისაუბრეთ პოლიტიკურ საკითხებზე. ბუნებით ოპტიმისტი იყო და სჯეროდა ეროვნული სულის და იდეის აღორძინების...
ნიშანდობლივი დამთხვევაა, რომ ლერი დონაძე იკრძალება ზვიად გამსახურდიას დაკრძალვის დღეს, როგორც მისი უღალატო მომხრე სიცოცხლის ბოლომდე..." - წერს ირაკლი შონია.