ტურინის „იუვენტუსი" სერია A-ს მიმდინარე გათამაშების გამარჯვებული 3 ტურით ადრე გახდა. 35-ე ტურში, „ბებერი ქალბატონი" „ფიორენტინას" ეწვია და 2:1 დაჯაბნა. თავის მხრივ, „ზებრების" უახლოესი მდევარი „ნაპოლი" „რომასთან" გასვლით მატჩში მინიმალური სხვაობით (0:1) დამარცხდა და ახლა კლუბებს შორის ქულათა სხვაობა 12 ქულამდე გაიზარდა. შესაბამისად, „იუვენტუსი" ჩემპიონატის გამარჯვებული სამი ტურით ადრე გახდა.
„რომასა" და „ნაპოლის" დაპირისპირება საკმაოდ დრამატული გამოდგა. უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, თუმცა მათი არაერთი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ერთადერთი გატანილი გოლი კი, შეხვედრის მიწურულს, 89-ე წუთზე გავიდა. თავი ბელგიელმა ჩამშლელმა რაჯა ნაინგოლანმა გამოიჩინა. ამ გამარჯვებით ახლა „მგლებს" „ნაპოლისთან" მხოლოდ 2 ქულა აშორებთ. ლუჩიანო სპალეტის შეგირდები დარჩენილ მატჩებში, მიმდინარე გათამაშების მეორე ადგილზე დასრულებისთვის იბრძოლებენ.