logo_geo
eng_logo
კობა ნარჩემაშვილი: ახალ პარლამენტში წარმოდგენილი იქნება 3-4 პოლიტიკური ჯგუფი
- +

26 აპრილი. 2016. 15:27


„მიუხედავად დაწეული საარჩევნო ბარიერისა, მისი გადალახვის შანსი აქვს პოლიტიკური პარტიების ძალიან მცირე ჯგუფს", - ამის შესახებ შს ყოფილმა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში განაცხადა.



მისი თქმით, მოკრძალებულია როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციის შესაძლებლობები.



„დღეს არამარტო არასაპარლამენტო ოპოზიციის, არამედ იმ ძალების შესაძლებლობებიც ძალიან მოკრძალებულია, რომლებიც დღეს პარლამენტში არიან და შესაძლოა გადაინაცვლონ ოპოზიციაში.

 

 

ძალიან ცოტაა იდეოლოგიზებული პარტიები; ჩვენ გვყავს პერსონიფიცირებული ჯგუფები, რომლებიც იგივდებიან არა პოლიტიკურ იდეოლოგიასთან, არამედ პერსონებთან. გვყავს ადამიანებზე ორიენტირებული პოლიტიკური ჯგუფები. ტენდენცია ასეთია, რომ ამბიცია აქვთ ურეიტინგო პოლიტიკურ პარტიებს. მათ აქვთ პრეტენზია, მართონ ქვეყანა. თუ გინდა შეცალო რამე, უნდა გქონდეს იდეოლოგია, პოლიტიკური ალღო, შესაბამისი განათლება, მკაფიო წარმოდგენები, როგორ უნდა იცხოვროს ხალხმა და ა.შ.  მარტო ამბიცია საკმარისი არაა", - აცხადებს ყოფილი მინისტრი.



რაც შეეხება მომავალ პარლამენტს, ნარჩემაშვილის ვარაუდით, დღევანდელი მდგომარეობით, საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრის რეალური შესაძლებლობა აქვს 3-4 პარტიას, დანარჩენი წინასაარჩევნო პროცესზე და კოალიციების შექმნაზეა დამოკიდებული.



„ალბათ, ჩვენ მივიღებთ ისეთ პარლამენტს, სადაც წარმოდგენილი იქნება დაახლოებით 3-4 პოლიტიკური ჯგუფი. რა გადაჯგუფებები მოხდება წინსაარჩევნოდ, ამის თქმა ძნელია. ზოგადად, მინდა ვთქვა, რომ ჩვენს პოლიტიკოსებში ჭარბობს სიხისტე, ნაკლებია მოქნილი, კომპრომისის მქონე პოლიტიკოსები.  მათ აქვთ გადაჭარბებული წარმოდგენები, ეს კი აზარალებს პოლიტიკურ პროცესს", - აცხადებს ნარჩემაშვილი.



რაც შეეხება სოციალურ-დემოკრატიულ პარტიას, რომლის წევრიც ნარჩემაშვილი გახლავთ, არჩევნებში მონაწილეობას „ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობის რეჟიმში მიიღებს.



„ამჟამად ვართ თანამშრომლობის რეჟიმში „ქართულ ოცნებასთან". მემორანდუმს ხელი 2013 წელს მოვაწერეთ. თანამშრომლობის რეჟიმი გაგრძელდება. რა ფორმებეს მიიღებს ეს კოოპერაცია, ამას წინასაარჩევნო პერიოდი გადაწყვეტს.  ასევე გვაქვს გადაწყვეტილი, ჩვენმა კანდიდატებმა მონაწილეობა მიიღონ საპარლამენტო არჩევნებში", - აცხადებს ნარჩემაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner