logo_geo
eng_logo
ზვიად კვაჭანტირაძე: ჩვენმა ხელისუფლებამ რადიკალური ნაბიჯი გადადგა...
- +

25 თებერვალი. 2018. 12:33



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ჩვენმა ხელისუფლებამ რადიკალური ნაბიჯი გადადგა რეპრესიული მმართველობიდან ადამიანისაკენ და მის უფლებებზე ორიენტირებული დემოკრატიული სახელმწიფოსკენ. ეს არის ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებაზე დამყარებული ევროპული სახელმწიფოს მშენებლობის გარანტი.

 

ჩვენმა ხელისუფლებამ, რეპრესიული მმართველობიდან გაათავისუფლა პოლიცია და სასჯელაღსრულების სისტემაც. დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის მთავარი პრიორიტეტი კანონის და ადამიანის უფლებათა დაცვაა.

 

აქტიურად, ღიად ვებრძვით კრიმინალს, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს კომპლექსური გამოწვევაა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასამართლოს, პროკურატურის, იუსტიციის სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი პასუხისმგებლობის საკითხია. ამ პროცესში მნიშვნელოვანია, გვყავდეს ძლიერი სამართალდამცავი სტრუქტურები რომელიც თანამედროვე მიდგომებით ებრძვიან კრიმინალს და საზოგადოება, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს სამართალდამცველებთან.

 

უფრო მეტად ეფექტიანი სამართალდამცავი სისტემის უზრუნველყოფისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაწყებული აქვს უწყების სტრუქტურული და შინაარსობრივი რეფორმირება, რომლის ფარგლებშიც ინერგება ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული სტანდარტები. სამინისტროში უკვე დაწყებულია კრიმინალური პოლიციის რეფორმა, რომლითაც გაიმიჯნება ოპერატიული და საგამოძიებო ფუნქციები. ასევე ინერგება მართლწესრიგის ოფიცრების ინსტიტუტი, რომელიც არის პრევენციის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. საპატრულო პოლიციის რეფორმა გადადის ახალ ეტაპზე, სადაც მოხდება ადმინისტრაციული პროცესების ოპტიმიზაცია და საპოლიციო მომსახურების ერთიანი სივრცის შექმნა. ასევე დაწყებულია სასაზღვრო პოლიციის რეფორმა და საზღვრის ინტეგრირებული მართვა. ფართოდ დაინერგება ანალიტიკაზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიები და გაუმჯობესდება ადამიანური რესურსების მართვა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო განსაკუთრებული ძალისხმევით ებრძვის ნარკორეალიზატორებს, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ნარკოტიკის გავრცელება. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, სამინისტროს თანამშრომლების მიერ, მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. ნარკოდანაშაულისთვის 20 პირია დაკავებული, მათ შორის - 5 ნარკორეალიზატორი. დაკავებულთა შორის 8 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

 

სამინისტრო აქტიურად და ეფექტიანად თანამშრომლობს სხვა სამართალდამცველ უწყებებთან, რის შედეგადაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, პოლიციამ დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი, კახეთში, გამოძალვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავა. მათი ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი პისტოლეტი და საბრძოლო ვაზნები.

 

ბოლო კვირის განმავლობაში, პოლიციის ეფექტიანი მუშაობის შედეგად, თბილისში გახსნილია განზრახ მკვლელობის მცდელობაც. ასევე გახსნილია თბილისში ერთ-ერთ მაღაზიაზე ყაჩაღური თავდასხმა, რაზეც სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, რამდენიმე წუთში დააკავეს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტენსიურად განაგრძობს პრევენციული ღონისძიებების გატარებას და დანაშაულის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას", - წერს კვაჭანტირაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner