პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა არ გაიზიარა „ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის" ინიციატივა იმის შესახებ, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მინიჭების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების გადასინჯვისთვის ახლად გამოვლენილ გარემოებად ჩაითვალოს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება არის პოლიტიკური ხასიათის და პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მინიჭება სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ პირს არ ჰქონდა ჩადენილი დანაშაული.
„წარმოდგენილი იყო საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ითვალისწინებდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძვლად ახლად გამოვლენილ გარემოებად ჩაითვალოს პარლამენტის გადაწყვეტილება პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ასეთი სახით ამის გაკეთება კომიტეტმა მიიჩნია მიზანშეუწონლად, რადგან პარლამენტის გადაწყვეტილება ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და ზოგადად, პოლიტიკური პატიმრის სტატუსი პირს ენიჭება იმ შემთხვევაში, თუკი ჩანს მოტივები, რომ პოლიტიკური მოტივაცია იყო დომინანტი, ვიდრე სამართალდარღვევა, თორემ პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მინიჭება სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ პირს არ ჰქონდა ჩადენილი დანაშაული. პარლამენტი ვერ შევიდოდა იმის განხილვაში, პირს ჩადენილი აქვს თუ არა დანაშაული, ვინაიდან ეს იქნებოდა პარლამენტის შეჭრა სასამართლოს ფუნქციებში, რისი უფლებაც საკანონმდებლო ორგანოს არა აქვს.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ჯერჯერობით დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა, რომ შემუშავებულ იქნას სასამართლოს ისეთი გადაწყვეტილებების გადასინჯვის მექანიზმი, რომლებიც ეჭვს ბადებენ მათ სამართლიანობაზე. ეს მექანიზმი ძალიან კარგად უნდა იყოს დადგენილი, რადგან თუ ასეთი საზღვრები, ფარგლები, საფუძვლები არ იქნა განსაზღვრული, ყველა, ვის მიმართაც დადგა წლების განმავლობაში გამამტყუნებელი განაჩენი, აქვს ამის საფუძველი თუ არა, მოინდომებს რომ ხელახლა განიხილოს სასამართლომ. ძალიან ყურადღებით უნდა იქნას მომზადებული ეს ყველაფერი და ჩვენ შევთავაზეთ ინიციატორებს, რომ როგორც კი პირველადი სამუშაო დასრულდება და პროექტი რაღაც სახეს მიიღებს, ამის შემდეგ უფრო ფართო მონაწილეობით გავაგრძელებთ ამ კანონპროექტების განხილვას, სანამ მისი ინიცირება არ მოხდება და მათაც ექნებათ საშუალება, ჩაერთონ ამ პროცესში", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.