შიდა საკადრო გადაადგილებების შედეგად, თბილისის პროკურორის მოადგილედ გიგი უგულავას საქმის პროკურორი მერაბ ჯერანაშვილი დაინიშნა. გავრცელებული ინფორმაციით, ჯერანაშვილი თბილისის პროკურატურაში საგამოძიებო ნაწილს უხელმძღვანელებს.
საკადრო ცვლილებები ასევე საქართველოს მთავარ პროკურატურასაც შეეხო. გადაადგილებები განხორციელდა რამდენიმე დეპარტამენტში, კერძოდ კი, შეიცვალნენ უფროსები და მოადგილები.
ასევე, პროკურატურის უწყებაში შიდა საკადრო გადაადგილების ფარგლებში, საქართველოს მთავარი პროკურორის ინიციატივით შექმნილი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა სხდომაზე ოთხი რიგითი პროკურორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე დაწინაურების საკითხზე იმსჯელეს და მთავარ პროკურორს დადებითი რეკომენდაციები წარუდგინეს, რის შემდეგაც მთავარი პროკურორის ბრძანებით აღნიშნული პირები დააწინაურდნენ და სხვადასხვა თანამდებობაზე დაინიშნენ.
რაც შეეხება ჯერანაშვილს, იგი გიგი უგულავას საქმეზე, რომელიც „სითი პარკიდან" უკანონო თანხების ლეგალიზაციის ბრალდებას ეხება, ბრალდების მხარეს წარმოადგენდა. დედაქალაქის ყოფილ მერს აღკვეთის ღონისძიებად პირველი პატიმრობა სწორედ ჯერანაშვილის პროკურორობის დროს შეუფარდეს.