ავტორი ალა გრიგალაშვილი
„სტივ რასელის გამოსვლის ტექსტი „პირიმზის" შენობის მე-7 სართულზე შეიქმნა", - ამის შესახებ სანდრო ბრეგაძემ „რეპორტიორს" განუცხადა.
„ეროვნულების" ლიდერი ამერიკელი კონგრესმენის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის" წევრების საპარლამენტო გამოსვლების ზუსტი ასლს უწოდებს.
„საქართველო ისწრაფვის დიდი რეფორმებისკენ - იბრძოდა დიდი რეფორმებისთვის 2003 წლის „ვარდების რევოლუციის" დროს და მიაღწია ამას",- სტივ რასელი. ნაცები და მათი ტელევიზიები მაქსიმალურად ეცადნენ, „ამერიკელ ჟირინოვსკად" წოდებული კონგრესმენი რასელის გამონათქვამები მხოლოდ ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში განეხილათ, თუმცა მიიჩქმალა უფრო მნიშვნელოვანი, ანუ მისი გამოსვლის სრული ტექსტი, რომელიც ჩიორა თაქთაქიშვილის ან ნუგზარ წიკლაურის საპარლამენტო გამოსვლების ზუსტ ასლს წარმოადგენს, რომელშიც საქართველო განხილულია, როგორც „ვარდების რევოლუციის" პროდუქტი და ფაქტობრივად, ჩამოყალიბებულია სააკაშვილის ბოდვის უმთავრესი თეზისი, რომ საქართველოს ისტორია „ვარდების რევოლუციის" შემდეგ დაიწყო.
არადა, თვით დასავლელმა პოლიტიკოსებმა და კონგრესმენთა უმეტესობამ შესანიშნავად იციან, თუ რა რეგრესი, ტირანია, დიქტატურა და სხვა საშინელებები მოიტანა ე.წ. „ვარდების რევოლუციამ". აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ კონგრესმენის გამოსვლის ტექსტი არ დაწერილა ვაშინგტონში, ის სადღაც კოლმეურნეობის მოედანზე, „პირიმზის" შენობის მე-7 სართულზე მდებარე „ნაცმოძრაობის" შტაბის ოთახშია შექმნილი, რაც ვფიქრობ, სერიოზულ ზიანს აყენებს პროდასავლურ განწყობებს ჩვენს ქვეყანაში. ესოდენ არასერიოზულ დონეზე განხილული და დანახული ანალიზი დიდი ხანია არ შემხვედრია არათუ სერიოზული უცხოელი პოლიტიკოსების გამოსვლებში, არამედ რომელიმე რაიონის საკრებულოშიც კი, ამიტომ სრულიად ლოგიკურია აშშ-ის საელჩოს განცხადება, რომლითაც დიპლომატიური წარმომადგენლობა ფაქტობრივად გაემიჯნა ამ პოზიციას", - აცხადებს ბრეგაძე.
მისი თქმით, უმთავრესი და უმნიშვნელოვანესია ის დინამიკა და მოვლენათა წყობა, რომელიც წინ უძღოდა კონგრესმენის ოდიოზურ გამოსვლას.
„NDI-ს და IRI-ს რეალობისგან მოწყვეტილი და უკვე სასაცილოდ ქცეული კვლევის შედეგები, რომელშიც ურეიტინგო და რეანიმაციაში მყოფი „ნაცმოძრაობა" ლამისაა გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალადაა წარმოჩენილი. პირდაპირ ვთქვათ, სიმართლე, რომ ე.წ. სოციოლოგიური კვლევის შედეგები გარკვეული ძალების სურვილებია და არა მოსახლეობის განწყობა. თუმცა ამ სურვილში ერთი რამ ნათლად ჩანს, რომ თუ ის შედეგები არ დადგა არჩევნებისას, რომელიც მათ აქვთ, მაშინ რევოლუციური პროცესების პროვოცირება გარდაუვალია, რაც ერთმნიშვნელოვნად საბოლოოდ დაასამარებს იმ ღირებულებებს, რომელი ღირებულებებისათვისაც ყველა პატრიოტული ძალა იბრძოდა დამოუკიდებლობის დღიდან. ამ მცირე ანალიზის შემდგომ მხოლოდ ერთი რამის მოწოდება შეიძლება - ნუ დაამარცხებთ დასავლურ პოლიტიკას იმ ხალხის ხელით, რომლებიც ნებსით თუ უნებლიეთ ამ ღირებულებების ყველაზე დიდ მტრებად გვევლინებიან და მედასვლეთელთა მანტიაში გადაცმულები აბსოლუტურად სხვა ქვეყნის ინტერესებს ასრულებენ!" - აცხადებს ბრეგაძე.