სიკვდილმისჯილთა საკნები იყო ორთაჭალის ციხის ჯურღმულებში, მიწისქვეშა „გუბერსკის" სულ ქვედა სართულზე, საიდანაც გაჰყავდათ კიდეც პატიმრები დასახვრეტად იმავე სართულზე არსებულ სპეციალურ ოთახებში. თუმცა, იმავე სართულზე არა მხოლოდ სიკვდილმისჯილები ისხდნენ და ამიტომაც ციხემ იცოდა, ვინ სად იჯდა, ვინ გაჰყავდათ ან შემოჰყავდათ სართულზე და მით უმეტეს, კარგად იცოდნენ სიკვდილმისჯილების შესახებ ყველაფერი ერთი სართულით ზემოთ არსებულ საკნებში.
სწორედ ზემოთ, სიკვდილმისჯილთა სართულის თავზე, ერთ-ერთ საკანში იხდიდა მაშინ სასჯელს ერთ-ერთი ცნობილი ავტორიტეტი, დიმა ლორთქიფანიძე, რომელიც პარიზში, ქართველი პოლიტიკური ემიგრანტების ოჯახში იყო დაბადებული და მისი ანტისაბჭოური შეხედულებებიც სულ არ იყო შემთხვევითი. მისი საკნის გვერდით კი მაშინ აღმოჩნდა რამდენიმე პატიმარი ქალი, რომლებიც ვაჭრობის გამო იყვნენ დაკავებულები და სანამ მიუსჯიდნენ და ქალთა ზონაში გადაიყვანდნენ, საღამოობით თურმე ღიღინებდნენ ხოლმე. მათი ღიღინის შესახებ დიმა ლორთქიფანიძემ შეიტყო ზედამხედველისგან, რომელმაც ერთხელ უბრალოდ დაიწუწუნა, ნეტა ამ ქალებს რა სიმღერა აუტყდათ, მერე შენიშვნას მე მაძლევს უფროსობაო და ლორთქიფანიძემ ზედამხედველს დაწვრილებით გამოჰკითხა ყველაფერი მოღიღინე პატიმრების შესახებ. ზედამხედველმა მხრები აიჩეჩა, მაგ ქალებიდან ზოგი ბუღალტერია და ზოგიც მაღაზიის გამყიდველი და მეც ეგ მიკვირს, ეგრე კარგად რომ მღერიანო. მაშინ პატიმარმა დიმა ლორთქიფანიძემ ზედამხედველი უფრო ახლოს მოიხმო და უფრო ჩუმად უთხრა:
- მაგ ქალებმა რომ ხმამაღლა იმღერონ, ქვემოთ თუ გაიგონებენ?
- სად ქვემოთ?
- სიკვდილმისჯილებში.
- დაკეტილ საკნებში აბა როგორ გაიგებენ?
- დერეფნებში ხომ გაიგებენ?
- თუ ბოლო ხმაზე იმღერეს ამ ქალებმა, ქვემოთ დერეფანში ალბათ გაიგონებენ.
- ალბათ თუ ნაღდად?
- ალბათ.
- ახლა მომისმინე. შენი პატივისცემა ჩვენზეა, თუ პატარა თხოვნას შეასრულებ.
- სამსახურს ნუ დამაკარგვინებ და...
- სამსახური კი მართლა ისეთი გაქვს, რომ აფსუსი იქნება ამის დაკარგვა, მაგრამ მაინც კარგად მომისმინე.
- აბა, გისმენ.
- ქვემოთ, სიკვდილმისჯილებში გეგა ზის, მსახიობი ბიჭია.
- ხო, ვიცი, თვითმფრინავის ამბავზეა, სხვებიც მანდ არიან.
- სხვებს ვერ დავეხმარებით, თანაც ეგ დახმარება გეგას ყველაზე მეტად სჭირდება, ოცდაორი თუ ოცდასამი წლისაა, პატარა ბიჭია.
- ჰო, ვიცი. კინოშიც მყავს ნანახი.
- კინოც გყვარებია და აბა, ერთი ეგეც მითხარი, იმ გეგას რომ დასახვრეტად გაიყვანენ, რამდენ ხანში გაიგებ?
- ეგრევე გავიგებ, მაგ სართულზე ჩემი ბიძაშვილია ზედამხედველი.
- ნაღდი ბიძაშვილია თუ გარე?
- ალალი.
- მაშინ გაყვანას რომ დაუპირებენ, ეგრევე მეც უნდა ვიცოდე.
- სამსახურს ნუ დამაკარგვინებ, ორი პატარა შვილი მყავს და რომ ვიცოდე მაინც, რას აპირებთ.
- ისეთს არაფერს.
- მე ნუ დამღუპავთ.
- მაინც?
- გეგას რომ გაყვანას დაუპირებენ, ქალებს ვეტყვი, რომ სიმღერა დაიწყონ, რაც შეიძლება ხმამაღლა, ბოლო ხმაზე იმღერონ. ქალებს უთხარი, რომ ჩემი თხოვნაა გეგას გასამხნევებლად, ისიც უთხარი, რომ დასახვრეტად მიჰყავთ.
ზედამხედველი გაოგნებული იდგა და ამ უცნაურ პატიმარს უსმენდა, რომლის მსგავსიც აქ არ ენახა, არც იმ სხვა ციხეებში, სადაც ადრე, მანამდე მუშაობდა...
ისინი ყველანი ერთ დღეს დახვრიტეს, მაგრამ მაქსიმალურად შეეცადნენ, რომ ეს არ გახმაურებულიყო და სამ შემთხვევაში ეს გაცილებით ადვილად გამოუვიდათ, რადგან ბერი და ძმები სპეციალურად დღისით გაიყვანეს საკნებიდან, რადგან დღისით ციხის ყურადღება უფრო მოდუნებულია და ბოლოს იმ საკნის კარიც გააღეს, რომელშიც გეგა იჯდა.
თუმცა, გეგა ფეხზე იდგა და მაინც სჯეროდა, რომ ეს არ მოხდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ არ იცოდა, სად მიჰყავდათ; არ იცოდა, რომ დერეფნის ბოლოს იყო ოთახი, სადაც მას თავისი განაჩენი ელოდა. იმ დერეფნის გავლისას კი გეგას სიმღერის ხმა შემოესმა სადღაც შორიდან, სადღაც ზევიდან, მაგრამ იფიქრა, რომ მოეჩვენა და ოდნავ, სულ ოდნავ გაეღიმა კიდეც. ერთი სართულით ზევით კი პატიმარი ქალები მართლა მღეროდნენ, იდგნენ ძალიან ახლოს ჩაკეტილი საკნის სარკმელთან და ხმამაღლა, ტირილით მღეროდნენ. მათი ხმა, გეგასგან განსხვავებით, კარგად ესმოდა დიმა ლორთქიფანიძეს, რომელიც გამეტებით ურტყამდა თავისი საკნის კარს დასისხლიანებულ მუშტს და მთელი ციხის გასაგონად ყვიროდა.
დიმას ხმას მაშინვე მოჰყვა დანარჩენი პატიმრების რეაქცია, რადგან რამდენიმე წამში ორთაჭალის ციხის ყველა პატიმარმა იცოდა, რომ ქვემოთ, სარდაფში, ადამიანი დასახვრეტად მიჰყავდათ. რამდენიმე წამში ციხის ყველა სართული ერთად, ხმის ჩახლეჩამდე ღრიალებდა გეგას სახელს და როცა გეგა დერეფნის ბოლოს მიუახლოვდა, მთელი ციხე უკვე ისე გუგუნებდა, რომ გეგას გამცილებელმა ზედამხედველებმა საკმაოდ შეშფოთებულებმა გადახედეს ერთმანეთს.
შეიძლება აჩქარების ბრალი იყო ან საბჭოთა იმპერიაში მართლაც რაღაც ლპებოდა, რადგან იმ ოთახში შეყვანისთანავე, ჯალათმა, რომელიც გეგას ელოდებოდა, ინსტრუქციის თანახმად, უკნიდან ესროლა სიკვდილმისჯილს, მაგრამ ტყვია არ გავარდა. პროფესიონალი მკვლელისთვის ეს ისეთი მოულოდნელობა იყო, რომ იგი დაიბნა და აღელდა კიდეც. გეგა კი, საიდანღაც მოგონილი სიმშვიდით, ჯალათისკენ შემოტრიალდა მაშინვე ღიმილით უთხრა:
- ადრე ხალხის დახოცვა მაინც შეგეძლოთ, ახლა ეგეც აღარ შეგიძლიათ.
მკვლელმა მეორედ გაისროლა და უცებ ყველაფერი დამთავრდა.
...ტვინიდან იგივე აზრები, ფიქრები ნათელ მომავალზე... და რა, მხოლოდ გაურკვეველი წარსული და უფრო გაურკვეველი ხვალინდელი დღე... მაგრამ იმედი... იმედი, რომ ჩემს გვერდით არიან ადამიანები, რომლებიც გამიგებენ... ძეგლებს კი არ დამიდგამენ, კი არ გამამართლებენ... უბრალოდ გამიგებენ... გამიგებენ...
ავტორი: ნინო კვეტენაძე