logo_geo
eng_logo
ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა მსოფლიოს ქალაქებს მოივლის
- +

26 თებერვალი. 2018. 13:23



მსოფლიოში ცნობილი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის გარდაცვალებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ვენაში, ოქტომბრიდან სტარტს აიღებს მისი ნამუშევრების გამოფენა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებს ესტუმრება და 2019 წლის იანვარში ტოკიოში დასრულდება.


​ღონისძიების ორგანიზატორია მონაკოს მერია.


თბილისის მერი კახა კალაძე მონაკოს მერს, ჟორჟ მარსანსა და ფონდ „ინფინიტ არტის" წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ფონდ „ინფინიტ არტის" წარმომადგენელმა, ედრიან ბარსენიმ განაცხადა, რომ მათი მიზანია, მსოფლიოს ნიკო ფიროსმანი და ქართული კულტურული მემკვიდრეობა გააცნონ.


შეხვედრას თბილისის მერის მოადგილეები სოფიო ხუნწარია და ილია ელოშვილი ესწრებოდნენ.


​სოფიო ხუნწარიას შეფასებით, გამოფენის ორგანიზატორებს საინტერესო კონცეფცია აქვთ წარმოდგენილი.


„ნიკო ფიროსმანის 100 წლის იუბილეა. ამიტომაც, მონაკოს დელეგაციასთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მათი თაოსნობით, ფიროსმანის გამოფენა თავდაპირველად, ალბერტინას მუზეუმში იგეგმება, ხოლო შემდეგ, მსოფლიოს ძალიან ბევრ ქალაქს მოივლის. ისინი ახალი ხედვით უყურებენ ფიროსმანს და საკმაოდ საინტერესო კონცეფცია აქვთ წარმოდგენილი. ვფიქრობ, რომ თბილისის მერია, კულტურის სამინისტრო და ეროვნული მუზეუმი მონაკოს მერიასთან ერთად, ძალიან წარმატებული პროექტს განახორციელებენ", - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.


ნიკო ფიროსმანი 1862 წელს სოფელ მირზაანში, გლეხის ოჯახში დაიბადა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ თბილისში გადავიდა საცხოვრებლად. მხატვრობისადმის ინტერესს ბავშვობაშივე იჩენდა, თუმცა სპეციალური სამხატვრო განათლება არ მიუღია. 1880-იან წლებში თვითნასწავლ გ. ზაზიაშვილთან ერთად გახსნა ფერწერის სახელოსნო და აბრების შეკვეთებს იღებდა. 1890-1894 კონდუქტორად მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზაზე, შემდეგ ვაჭრობაშიც სცადა ბედი. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე თბილისელ მედუქნეებთან და მიკიტნებთან აფარებდა თავს, მათი შეკვეთით ხატავდა აბრებს, პორტრეტებს, სურათებს. სიცოცხლის ბოლომდე გაჭირვებას თავი ვერ დააღწია; ქართველ მხატვართა საზოგადოება დროდადრო ცდილობდა შეემსუბუქებინა მისი ხვედრი. თუმცა ფიროსმანაშვილი 1918 წელს, მარტოობაში გარდაიცვალა და მისი საფლავიც უცნობი დარჩა. იმავე პერიოდში ფიროსმანის ნამუშევრები წარმოდგენილი იყო ქართველ მხატვართა I დიდ გამოფენაზე თბილისში.


ფიროსმანის, როგორც მხატვრის აღმოჩენაში, მისი სურათების შეგროვებასა და შემოქმედების პროპაგანდაში განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის ძმებ ზდანევიჩებს - მხატვარ კირილ და პოეტ ილიას, მხატვრებს მ. ლე დანტიუს, დ. შევარდნაძეს, ლ. გუდიაშვილს, დ. კაკაბაძეს და სხვებს. უფრო გვიან - გ. ლეონიძეს, რომელმაც ფიროსმანის შესახებ მნიშვნელოვანი ბიოგრაფიული ცნობები მოიპოვა.


1920-იან წლებში იბეჭდებოდა წერილები პერიოდულ პრესაში, გამოიცა მისდამი მიძღვნილი კრებული. განსაკუთრებით გაცხოველდა ინტერესი ფიროსმანისადმი 50-იან წლების შემდეგ - გამოიცა წიგნები საქართველოში, რუსეთში, უცხოეთში. შეიქმნა ბიოგრაფიული ფილმი, დაიწერა მისდამი მიძღვნილი პიესები, მუსიკალური ნაწარმოებები.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner