გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის მამამ სოსო რობაქიძემ შინაგან საქმეთა ყოფილ მინიტრს ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც რობაქიძის საქმეზე სასამართლოში მოწმის სახით იკითხება, სიმართლის თქმისკენ მოუწოდა.
სოსო რობაქიძეს ოქრუაშვილის დაკითხვის პარალელურად რეპლიკების წამოძახების გამო სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს. რობაქიძის გაღიზიანება დაცვის მხარის იმ კითხვას მოჰყვა, რომელიც შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ვიდეომასალას ეხებოდა. კერძოდ, დაცვის მხარემ, ერთ-ერთი მოწმის ჩვენების საფუძველზე ოქრუაშვილს ჰკითხა, დაუკავშირდა თუ არა ის შსს-ს პრესსამსახურის მაშინდელ ხელმძღვანელს გურამ დონაძეს და სთხოვა ფირის ჩვენება.
„სჯობს, სიმართლე თქვა, ირაკლი. ეს ფაქტია. რანაირად გაუვარდა სამართალდამცველებს ტყვია? ორი ტყვია გაუვარდა?" - აღნიშნა რობაქიძემ, რის შემდეგაც მას დარბაზი დაატოვებინეს, ოქრუაშვილმა კი განაცხადა, რომ დონაძესთან ფირის ჩვენებასთან დაკავშირებით კომუნიკაცია არ ჰქონია.