სლოვაკეთში 27 წლის ჟურნალისტი იან კუციაკი და მისი შეყვარებული მოკლეს.
კუციაკი გამოცემა „Aktualíty"-ში მუშაობდა და ის საგამოძიებო ჟურნალისტიკით იყო დაკავებული.
გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტს ცეცხლსასროლი იარაღიდან მკერდის არეში ესროლეს, მის შეყვარებულს კი - თავში.
ჟურნალისტი გადასახადებთან დაკავშირებულ თაღლითობის თემაზე წერდა. კერძოდ, მან მმართველი პარტიის „მიმართულებაში" არსებული თაღლითობის ფაქტები გამოიძია.
მედიის ინფორმაციით, პოლიციაში „Aktualíty"-ის რედაქტორმა მას შემდეგ დარეკა, რაც ჟურნალისტი ერთი კვირის განმავლობაში რედაქციაში არ მივიდა.
პოლიცია საქმეს როგორც ორმაგ მკვლელობას, იძიებს, რომელიც ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება.
„Currenttime" აღნიშნავს, რომ „უკანასკნელი მასალა, რომელიც ჟურნალისტმა მოამზადა, ბრატისლავას მერობის ყოფილ კანდიდატს მარიან კოჩნერს უკავშირდებოდა. კერძოდ, ძვირადღირებულ კომპლექს „Five Star Residence"-ში განხორციელებულ ინვესტიციას. ჟურნალისტმა კოჩნერს ფინანსურ მაქინაციებთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა, ამის შემდეგ კი მერობის ყოფილი კანდიდატი ჟურნალისტს ემუქრებოდა".